
ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილა დღეს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტმა. ცვლილების თანახმად, სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციით ვაჭრობისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მასში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს არ მოეთხოვებათ ლიცენზიები და ნებართვა.
საკანონმდებლო ცვლილების ერთ-ერთი ინიციატორის, თენგიზ შარმანაშვილის განმარტებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დღემდე სარგებლობს ამ დათქმით, თუმცა ის გაწერილია გარდამავალ დებულებებში, რაც ახლა კანონში გადმოდის.
მისივე განმარტებით, ეს დებულება კანონში აქამდე იმ მიზეზით არ ჩაიწერა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეფორმა დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობდა და შესაბამის კანონში ცვლილება ვერ მოესწრო. ამასთან, ინიციატივის ავტორის განმარტებით, მსგავსი დადგენილებით სარგებლობს ყველა სამინისტრო, „ჩვეულებრივად ამ ჩამონათვალს დაემატება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მის გამგებლობაში შემავალი შესაბამისი სიპ-ები“
საკომიტეტო მოსმენაზე დეპუტატები კონკრეტული პროდუქციის ჩამონათვალით დაინტერესდნენ. ისაუბრეს ასევე იმაზე, უკრაინის ომის ფონზე შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, კანონში შესატანი ეს ცვლილება ხომ არ იქცევა მექანიზმად, რომლის მეშვეობით შეიძლება საქართველო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლისთვის გამოიყენონ.
თენგიზ შარმანაშვილის განმარტებით, ორმაგი დანიშნულების საქონელი გამოიყენება კანონიერი ფარული საქმიანობისთვის, თუმცა კონკრეტულ ჩამონათვალთან დაკავშირებით თქვა, რომ „ამის ამომწურავი ინფორმაცია და წვდომა არ მაქვს, მეც ისევე, როგორც თქვენც, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა სახის პროდუქციაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, კონკრეტული ჩამონათვალის შესახებ ინფორმაცია შეიძლება გააჩნდეს მხოლოდ ნდობის ჯგუფს“.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განმარტებით კი საუბარია სპეციალური დანიშნულების მქონე აპარატულ- პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებებზე, “მაგალითად, ანალიტიკურ პროგრამაზე, რომელსაც ანალიტიკური სამსახურები იყენებენ სისტემაში შეყვანილი მასალების დასამუშავებლად მასალების ანალიზისთვის, პროგნოზირებისთვის და სხვა“.
თენგიზ შარმანაშვილის თქმით, საქართველო ამგვარ საშუალებებს “99.9 პროცენტით ნატოს წევრი ქვეყნებისგან ყიდულობს”.
დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ იკითხა, უპრიანი ხომ არ იქნება კანონში ცვლილების შეტანისგან თავის შეკავება, სანამ საქართველოს მთავრობას არ ექნება კანონით განსაზღვრული ჩამონათვალი იმ ქვეყნებისა, საიდანაც უსაფრთხოების სფეროსთვის შესყიდვები არის უსაფრთხო.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განმარტებით, ნებისმიერი მცდელობა, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება რაიმე სპეკულაციებს დაუკავშირონ, არის „პროპაგანდა“.
“არაფერი არ ხდება, ჩამონათვალი ისედაც არსებობს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სამინისტრო რომ იყოს, მასზე ისედაც გავრცელდებოდა და ცალკე ჩანაწერი არ იქნებოდა საჭირო”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
თენგიზ შარმანაშვილის თქმით კი, არ არის საჭირო „ტანზე ტანსაცმლის შემოხევა და განცხადება, რომ რაღაც უბედურება ხდება ქვეყნის დასაქცევი. თუ რამე ცუდი უნდა მოხდეს, ის კანონის შესაბამისად არ მოხდება, კანონის გვერდის ავლით ხდება ცუდი რაღაცები, კანონის შესაბამისად ცუდი რაღაცების კეთება ვის გაუგია? თან რომელიც ისედაც მოქმედებს ახლა“.
ამავე კომიტეტის სხდომიდან ირაკლი ბერაიამ დეპუტატი თეონა აქუბარდია გააძევა. აქუბარდიამ შესყიდვებზე საუბრისას განაცხადა, რომ შსს-მ 2019 წელს შეიძინა კომპიუტერული პროგრამა ბელარუსისგან, რომელსაც „კავშირი ჰქონდა რუსეთთან“. თეონა აქუბარდიას თქმით, პროგრამა, რომელმაც საზოგადოების კითხვები გამოიწვია, ერთი წლის წინ განახლდა და რამდენიმე მილიონი დაჯდა.
ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდიას მტკიცებულებების წარმოდგენა მოსთხოვა და დაფიქრებისკენ მოუწოდა. ის აქუბარდიას მიუთითებდა, პასუხები მისთვის განკუთვნილ დროს გაეცა და არ ელაპარაკა მაშინ, როცა თავად აკეთებდა განცხადებას.
თეონა აქუბარდია ირაკლი ბერაიასთვის პასუხის გაცემას ცდილობდა, რა დროსაც კომიტეტის თავმჯდომარემ მას შენიშვნა მისცა და დარბაზი დაატოვებინა.
რაც შეეხება ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს. განმარტებითი ბარათის თანახმად, სუსი და მისი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები ყიდულობენ სპეციალური დანიშნულების მქონე აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებებს, რომლებიც მათი სპეციფიკაციიდან და ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე, სამხედრო ან ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კატეგორიაში ხვდება. მათი იმპორტ-ექსპორტი სათანადო ნებართვების მიღებას მოითხოვს, რაც ადმინისტრაციული, ფორმალური პროცედურების გავლასთანაა დაკავშირებული და იწვევს პროდუქციის იმპორტის ან ექსპორტის პროცესის შეფერხებას.
საკანონმდებლო ცვლილების ძალაში შესვლის შემდეგ, სუსისთვის გამარტივდება სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტისა და ექსპორტის განხორციელება.
ამჟამად მოქმედი წესით, ლიცენზიისა და ნებართვის გამცემი ორგანოები დგინდება კანონით ან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.
ლიცენზიისა და ნებართვის შესახებ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ისეთ საქმიანობაზე ან ქმედებაზე, რომელსაც ახორციელებს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, აგრეთვე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო და სხვა.