Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • კულტურა
  • მოხდა რამე კარგი 2024-ში? – დიახ, ასეთიც იყო
  • კულტურა

მოხდა რამე კარგი 2024-ში? – დიახ, ასეთიც იყო

NewsGeorgia December 30, 2024
მოხდა რამე კარგი 2024-ში? – დიახ, ასეთიც იყო


#1 | საქართველოს ნაკრები ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატზე

ქართველი გულშემატკივრები სტადიონზე ზეიმობენ მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა

„სად მივდივართ?“ – ჰკითხა 26 მარტს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ ათასობით გულშემატკივარს. „ევროპაში! “ – შეჰყვირეს საპასუხოდ თავიანთ საყვარელ ფეხბურთელს.

იმ დღეს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ისტორიულ გამარჯვებას ზეიმობდნენ. საქართველომ პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთს პენალტების სერიაში სძლია და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა – ისტორიაში პირველად.

თბილისსა და სხვა ქალაქებში ქუჩები გახარებულმა გულშემატკივარმა დაიკავა. ეს მუხტი ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების ბოლო თამაშის შემდეგაც არ განელებულა.

ცოტა ელოდა, რომ ქართველი დებიუტანტები ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლას მოახერხებდნენ. თუმცა ეროვნული ნაკრების პერფორმანსი „ევრო 2024“-ზე ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ მოვლენად იქცა. საქართველომ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპიდან მერვედფინალში გასვლაც მოახერხა და 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვდა.

საქართველოში დაბრუნებულ ფეხბურთელებს თბილისი როგორც გმირებს, ისე შეხვდა. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრები და სამწვრთნელო შტაბი პრეზიდენტმა ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს გულშემატკივრები ესალმებიან

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს გულშემატკივრები ესალმებიან

ამ ისტორიულ მოვლენაზე ფიქრისას გონებაში აუცილებლად ამოტივტივდება ნიკა კვეკვესკირის გადამწყვეტი პენალტი და გატანილ გოლზე კაშიასა და ქოჩორას რეაქცია, ბუდუს ცეკვა, კვარაცხელია და რონალდუ ერთ სტადიონზე, ჩემპიონატის ქართველი ბომბარდირი ჟორჟ მიქაუტაძე, მამარდაშვილის მოგერიებული გოლები და ფრაზა „მიდის სანახავად”.

#2 | ოქროს მედლები პარიზის ოლიმპიადაზე

ოლიმპიური ნაკრები გახსნის ცერემონიაზე, რომელიც მდინარე სენაზე გაიმართა.

ოლიმპიური ნაკრები გახსნის ცერემონიაზე, რომელიც მდინარე სენაზე გაიმართა.

2024 წელს ქართველები პარიზის ოლიმპიადიდან შვიდი მედლით დაბრუნდნენ. აქედან ოქროს მედლები ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა, მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა და ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მოიპოვეს. ოქროს მფლობელი ორი სპორტსმენი, ოლიმპიადიდან დაბრუნების შემდეგ პოლიტიკაში ჩაერთო. გენო პეტრიაშვილი და ლაშა ტალახაძე, დღეს „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან.

პარიზში გამგზავრებამდე სოციალური ქსელი დიდხანს განიხილავდა სპორტსმენების სამოსს. დიზაინერ სიმონ მაჩაბლის დახატული ესკიზი ქართული ანბანის, ბოლნური ჯვრისა და ეიფელის ორნამენტებით, სასაცილო მემებად იქცა.

#3 | პარამკლავჭიდელების 143 მედალი და მსოფლიო რეკორდი

ვახტანგ ახობაძე, პარამკლავჭიდელი

ვახტანგ ახობაძე, პარამკლავჭიდელი

ისტორიული შედეგი აჩვენეს ოლიმპიადაზე პარასპორტსმენებმაც. მათ ცხრა მედალი მოიპოვეს, აქედან ოქრო ერთია, ვერცხლი და ბრინჯაო ოთხ-ოთხი.

გიგა ოჩხიკიძე გახდა პირველი სპორტსმენი, რომელმაც საქართველოს მძლეოსნობაში პარალიმპიური მედალი მოუტანა. ჩემპიონობასთან ერთად მან ბირთვის კვრაში მამაკაცთა მსოფლიო რეკორდიც მოხსნა. თავდაპირველად მას ოქროს მედალი ჩამოართვეს, მაროკოსა და პოლონეთის საჩივრის გამო, რომ თითქოს წესები დაარღვია. თუმცა, საბოლოოდ, ქართველ სპორტსმენს მედალი დაუბრუნეს.

2024 წელს პარიზის თამაშებზე 6 სახეობაში 14-მა პარასპორტსმენმა იასპარეზა, რაც თავისთავად პირველად მოხდა.

პარამკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და ოქროს მედლის მფლობელი გახდა ვახტანგ ახობაძე. ოქროს მედალი მოიპოვა 32 წლის მარინე ფუტკარაძემაც.

ამავე ჩემპიონატზე ქართველმა პარასპორტსმენებმა, ჯამში, 96 მედალი აიღეს. მათგან 36 ოქრო, 32 ვერცხლი და 28 ბრინჯაო. საერთო ჯამში, მკლავჭიდელები საქართველოში 143 მედლით დაბრუნდნენ.

პარამკლავჭიდელების გარდა, მოლდოვაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მკლავჭიდის ეროვნულმა ნაკრებმაც დიდ წარმატებას მიაღწია. მათ ჯამში 5 ოქრო, 7 ვერცხლი და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, ახალგაზრდა მკლავჭიდელებმა კი – 10 ოქრო, 10 ვერცხლი და 9 ბრინჯაო.

#4 | ჟიურის პრიზი „აპრილს“ ვენეციის კინოფესტივალზე

დეა კულუმბეგაშვილი, ფილმ „აპრილის“ რეჟისორი

დეა კულუმბეგაშვილი, ფილმ „აპრილის“ რეჟისორი

დეა კულუმბეგაშვილის ფილმმა „აპრილი” ვენეციის კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი მოიპოვა. ფილმი ჰყვება მეან ქალზე, რომელიც თანასოფლელებს ფარულად ეხმარება ორსულობის ნაადრევ შეწყვეტაში.

ფილმის პრემიერას, რეჟისორთან ერთად, მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობები – ია სუხიტაშვილი, კახა კინწურაშვილი და მერაბ ნინიძე ესწრებოდნენ.

დეა კულუმბეგაშვილის „აპრილს“ ვენეციის ფესტივალის ყველაზე რადიკალური ფილმი უწოდეს. მასაც და მსახიობებსაც საუკეთესო შეფასებები ერგოთ წილად.

„ასეთი კინო სენსორული გამოცდილებაა. თუკი ფილმის ყურების დროს ფიქრი, შრომა, თანაშემოქმედება არ გეზარებათ, „აპრილი“ ერთი წამითაც არ მოგაწყენთ. მაგრამ თუკი დაღლილი ხართ, სჯობს დარბაზიდან გახვიდეთ და არ შეუშალოთ ხელი იმას, ვისთვისაც ყველაზე სასიამოვნო გართობა ფიქრია“, – ასე შეაფასა კინოკრიტიკოსმა, რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა გოგი გვახარიამ დეა კულუმბეგაშვილის ნამუშევარი ტექსტში სახელწოდებით „გახლეჩილი აპრილი“.

„უკომპრომისოდ და ძლიერად განცდილი პანორამა ქალის, რომელიც იდენტობის, პატრიარქატისა და სურვილების თავდასხმის ქვეშაა. „აპრილი“ ახერხებს იყოს როგორც კონტროლირებადი ფორმალური სიმკაცრის გამომსახველი, ასევე ადამიანური გრძნობებით აღჭურვილი ნამუშევარი“, – დაწერა გამოცემა Variety-მ ფილმის შესახებ.

#5 | „წმინდა ელექტროენერგია“ – საუკეთესო ლოკარნოს ფესტივალზე

კადრი ფილმიდან „წმინდა ელექტროენერგია"

კადრი ფილმიდან „წმინდა ელექტროენერგია”

ლოკარნოს კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა და ოქროს ლეოპარდი აიღო ქართველი რეჟისორის, ტატო კოტეტიშვილის სადებიუტო მხატვრულმა ფილმმა „წმინდა ელექტროენერგია“.

დაჯილდოების ცერემონიაზე ტატო კოტეტიშვილმა ფესტივალის პლატფორმა ქართულ კინოზე სალაპარაკოდ გამოიყენა და აუდიტორიას უთხრა, რომ ქართველ კინემატოგრაფისტებს მძიმე დრო უდგათ, კინოცენტრის მიმართ ბოიკოტის გამო საქართველო კარგავს შანსს, განავითაროს თანამედროვე ქართული კინო.

შვეიცარიის კინოპრემიის გამარჯვებული გახდა რეჟისორ ელენე ნავერიანის ფილმი „შაშვი შაშვი მაყვალი“, რომელიც თამთა მელაშვილის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვითაა გადაღებული.

ფილმი „შაშვი შაშვი მაყვალი“ არაერთი პრიზის მფლობელია. მათ შორის, სხვადასხვა კინოფესტივალის გამარჯვებულია მთავარი როლის შემსრულებელი, ეკა ჩავლეიშვილი.

#6 | UFC-ს ორი ჩემპიონი და ორივე ქართველი

ილია თოფურია და მერაბ დვალიშვილი

ილია თოფურია და მერაბ დვალიშვილი

2024 წელი MMA-ის ქართველი ფანებისთვისაც ისტორიული აღმოჩნდა. შერეული საბრძოლო ხელოვნების აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატს (UFC) ორი ჩემპიონი ჰყავს და ორივე ქართველია. აქედან ერთი, ილია თოფურია, UFC-ის ისტორიაში პირველი ქართველი ჩემპიონი გახდა.

27 წლის ქართველი მებრძოლი ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში დაუპირისპირდა UFC 298-ის ცენტრალურ მოქმედ ჩემპიონს, ავსტრალიელ ალექსანდრ ვოლკანოვსკის, მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი ჩამოართვა.

„თავდაუზოგავი შრომით ყველაფერი შესაძლებელია. ყოველთვის ვიცოდი, რომ ერთ დღესაც UFC-ის ჩემპიონი გავხდებოდი. ხალხო, არ აქვს მნიშვნელობა საიდან მოდიხარ, თუკი იცი სად მიდიხარ. მგონი, დადგა დრო, UFC ესპანეთს ესტუმროს. ჰეი, კონორ მაკგრეგორ, თუ შემოგრჩა ვაჟკაცობა, ესპანეთში გელოდები“, – თქვა ილია თოფურიამ, რომელიც ჩემპიონატზე ესპანეთს წარმოადგენდა.

მას ექვს თვეში მერაბ დვალიშვილი მიჰყვა და UFC-ის საჩემპიონო ქამარი სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში გამარჯვების შემდეგ მოირგო. დვალიშვილმა ლას-ვეგასში გამართულ ორთაბრძოლაში მოქმედი ჩემპიონი შონ ო’მალი დაამარცხა.

დვალიშვილის გულშემატკივრები თბილისში ოქტომბრის ცივ დღეს, დილის 7 საათიდან შეიკრიბნენ. მათ ორთაბრძოლას ფილარმონიის შენობაზე დამონტაჟებულ მონიტორზე ადევნეს თვალი.

# 7 | საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული საქართველოა

ანდრია ფუტკარაძე "ევროვიზიის" სცენაზე

ანდრია ფუტკარაძე “ევროვიზიის” სცენაზე

2024 წლის საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული საქართველო გახდა. ანდრია ფუტკარაძემ 239 ქულა მიიღო და პირველი ადგილი დაიკავა, რითაც საქართველოს კონკურსში რეკორდული, მეოთხე გამარჯვება მოუტანა.

კონკურსზე ანდრიამ To My Mom იმღერა, რომლის ავტორებიც გიგა კუხიანიძე და მაკა დავითაია არიან.

კონკურსში, რომელიც წელს მადრიდში ჩატარდა, საქართველომ 16 ქვეყანას აჯობა.

Tags: კულტურა მძიმე პოლიტიკური კრიზისები პოლიტიკა რა მოხდა 2024-ში საზოგადოება სპორტი

Continue Reading

Previous: ლავროვი: საქართველოს ხელისუფლებას არ სურს იყოს დასავლეთის „პაიკი”
Next: აშშ-ში გლოვა გამოცხადდა 39-ე პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის გარდაცვალების გამო

კავშირშია

რას ნიშნავს „ვეფხისტყაოსნის ქვეყანა“? – ინტერვიუ პოეტ რატი ამაღლობელთან რას ნიშნავს „ვეფხისტყაოსნის ქვეყანა“? – ინტერვიუ პოეტ რატი ამაღლობელთან
  • კულტურა

რას ნიშნავს „ვეფხისტყაოსნის ქვეყანა“? – ინტერვიუ პოეტ რატი ამაღლობელთან

დომინიკ ჰაშეკი: „შეუძლებელია პოლიტიკის სპორტისგან გამიჯვნა“ დომინიკ ჰაშეკი: „შეუძლებელია პოლიტიკის სპორტისგან გამიჯვნა“
  • კულტურა

დომინიკ ჰაშეკი: „შეუძლებელია პოლიტიკის სპორტისგან გამიჯვნა“

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია და КГБ: ფაქტები რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია და КГБ: ფაქტები
  • კულტურა

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია და КГБ: ფაქტები

საინტერესო

პატიმრობაში მყოფი გვარამია მეორედ დაიბარეს „ოცნების“ შექმნილ კომისიაზე – ის არც ამჯერად მიდის პატიმრობაში მყოფი გვარამია მეორედ დაიბარეს „ოცნების“ შექმნილ კომისიაზე – ის არც ამჯერად მიდის
  • ახალი ამბები

პატიმრობაში მყოფი გვარამია მეორედ დაიბარეს „ოცნების“ შექმნილ კომისიაზე – ის არც ამჯერად მიდის

რატომ არ ეშინია ფინეთს რუსეთის? რუსეთი ფინეთის საზღვართან ჯარს აგროვებს რატომ არ ეშინია ფინეთს რუსეთის? რუსეთი ფინეთის საზღვართან ჯარს აგროვებს
  • პოლიტიკა

რატომ არ ეშინია ფინეთს რუსეთის? რუსეთი ფინეთის საზღვართან ჯარს აგროვებს

ტრამპი: ირანის ცას სრულად ვაკონტროლებთ. ხამენეის მოკვლა შეგვიძლია, მაგრამ ჯერ არ ვაპირებთ ტრამპი: ირანის ცას სრულად ვაკონტროლებთ. ხამენეის მოკვლა შეგვიძლია, მაგრამ ჯერ არ ვაპირებთ
  • ახალი ამბები

ტრამპი: ირანის ცას სრულად ვაკონტროლებთ. ხამენეის მოკვლა შეგვიძლია, მაგრამ ჯერ არ ვაპირებთ

პრეზიდენტმა ტრამპმა უარყო, რომ ირანს სამშვიდობო მოლაპარაკების ინიციატივით მიმართა პრეზიდენტმა ტრამპმა უარყო, რომ ირანს სამშვიდობო მოლაპარაკების ინიციატივით მიმართა
  • ახალი ამბები

პრეზიდენტმა ტრამპმა უარყო, რომ ირანს სამშვიდობო მოლაპარაკების ინიციატივით მიმართა

ადამიანი არ არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი იყო მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.