რუსეთს მოთმინების ფიალა აევსო. აფხაზეთი დიდ ხანს იქცეოდა “ცუდად აღზრდილი ჭირვეული შვილივით, რომელიც პატივს არ სცემს იმას, ვინც აჭმევს” – წერს პოპულარული პროკრემლისტური ტელეგრამ-არხი “Z ადეკვატი”.
“რუსეთმა დიდ ხანს ითმინა აფხაზეთის არაადეკვატური დამოკიდებულება რუსი ინვესტორებისადმი” – იმავეს იმეორებს კიდევ ერთი პროპაგანდისტული არხი.
კრემლი აფხაზ საჯარო მოხელეებს, მასწავლებლებს და ექიმებს ხელფასებს პირველი სექტემბრიდან აღარ უხდის, ზამთარში კი ელექტროენერგიას (რომელსაც საქართველო უფასოდ აძლევს) საბაზრო ფასად მიყიდის.
ეს სასჯელია იმის გამო, რომ აფხაზეთმა არ აღიარა რუსული საარბიტრაჟო სასამართლოების იურისდიქცია, არ მისცა რუსებს აფხაზეთში უძრავი ქონების ყიდვის უფლება, რუს ინვესტორებს კი შეღავათები.
“ჭირვეულობა” აფხაზმა ოპოზიციონერებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ გამოიჩინეს. მათ კრემლის სურვილები ქუჩაში გააპროტესტეს და აიძულეს ე.წ. პარლამენტი კანონები გაეწვია.
გაწვეულ კანონებს შორის იყო კიდევ ერთი – კანონი უცხოეთის აგენტების შესახებ.
სანქციები დარჩება ძალაში მანამ, სანამ სოხუმი მოსკოვის მოთხოვნებს არ შეასრულებს.
აგვისტოს ბოლოს, აფხაზურმა ოპოზიციურმა წყაროებმა დაწერეს, რომ კრემლი ამზადებს კიდევ ერთ სასჯელს და აპირებს, რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვას იმ აფხაზ დეპუტატებსა და ოპოზიციონერებს, რომლებიც მისი გავლენის გაძლიერებას ეწინააღმდეგებიან.
ეს ვერსია ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ კრემლის პროპაგანდის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, იგი სიმართლესთან ახლოს უნდა იყოს.
პროპაგანდა ანგარიშსწორებას ითხოვს
“არასწორად იქცევა ყველა, ვისაც ჰგონია, რომ შეუძლია რუსეთს ტალახი ასხას, აკრიტიკოს, და თან ნახოს ყველანაირი სარგებელი რუსეთის მოქალაქის სტატუსისგან. ისინი მისაღებს მიიღებენ” – დაიმუქრა 7 სექტემბერს რუსეთის პარლამენტის ვიცე სპიკერი, ბორის ჩერნიშოვი.
ბოლო დღეებია, ამ სულისკვეთებას იზიარებენ როგორც გავლენიანი, ისე შედარებით უცნობი რუსი პროპაგანდისტებიც.
9 სექტემბერს აფხაზების დასჯას ითხოვდა პროპაგანდის ორი ბოსი: ვლადიმირ სოლოვიოვი და მარგარიტა სიმონიანი.
ორივემ სამიზნეში აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციები ამოიღო. სიმონიანმა თქვა, რომ ისინი დასავლეთის დაკვეთას ასრულებენ, სოლოვიოვმა კი დაამატა, რომ მათთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევა არ კმარა და სოხუმმა ისინი უნდა დააპატიმროს.
სოხუმს ერჩიან უკრაინაში ომის მხარდამჭერი ე.წ. Z-ბლოგერებიც.
თან რუსეთს “წველიან”, თან ეფლირტავებიან მოსკოვის მოწინააღმდეგეებს და ძირს უთხრიან ეკონომიკურ პროექტებს. “ეს პირუტყვობაა”, ამიტომ “აფხაზეთის მმართველობა უნდა დატოვოს ყველამ, ვინც რუსულ გავლენას ძირს უთხრიდა” – წერს ბლოგერი იური კოტენოკი.
ტელეგრამ-არხი “საიდუმლო კანცელარია” კი ისევ პროპაგანდის ძველ ფირფიტას ატრიალებს და ამტკიცებს, რომ დასავლეთი სამხრეთ კავკასიაში არეულობას ამზადებს.
მისი მტკიცებით, ისევე როგორც თბილისში, სოხუმშიც ეს “ადგილობრივი დესტრუქციული ოპოზიციის ხელით” ხდება, რომელიც დასავლეთის მითითებებს ასრულებს.
ზოგი არხი იმასაც ვარაუდობს, რომ “ქართულმა ოცნებამ” შეიძლება იხეიროს მოსკოვსა და სოხუმს შორის არსებული უთანხმოებით.
“აფხაზეთი გრძნობს საფრთხეს – ივანიშვილი თუ მოიგებს, შეიძლება დამოუკიდებლობა ნაწილობრივ მაინც დაკარგოს. საქართველო რუსეთის მეგობრული ქვეყანა ხდება და აფხაზეთს მოუწევს, რაღაც სტატუსით მიუერთდეს” – წერს ანონიმური არხი ” თავხედი კრემლელიდან”.
ბოლო თვეებია, “ქართული ოცნების” ლიდერები ირიბად მიუთითებენ იმაზე, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად კონკრეტული ნაბიჯები შეიძლება გადადგან. მათი მტკიცებით, ამის გასამარტივებლად, ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობის შეცვლასაც გეგმავენ.