“საქართველოს მთავრობა განაგრძობს ძალიან ღრმად შემაშფოთებელი მიმართულებით მოძრაობას. იმ მიმართულებით, რაც ქვეყანას აშორებს იმ ევრო-ატლანტიკურ ტრაექტორიას, რომელიც ვიცით, რომ ქართველ ხალხს ასე ძალიან სურს”, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე “ამერიკის ხმის” დასმულ კითხვაზე პასუხად.
მილერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამერიკის მთავრობაში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონით გამოწვეულ შეშფოთებას. იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილ სპეციალურ რეესტრში ნებაყოფლობით რეგისტრაციის ვადა 2 სექტემბერს ამოიწურა, რაც ნიშნავს, რომ 3 სექტემბრიდან იუსტიციის სამინისტროს ფინანსური მონიტორინგის დეპარტამენტს უფლება აქვს, შეამოწმოს და დააჯარიმოს ყველა ის ორგანიზაცია, რომელმაც რეგისტრაციაზე უარი თქვა. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად” ნებაყოფლობით 476 ორგანიზაცია დარეგისტრირდა.
“ჩვენ გვაშფოთებს ამ კანონმდებლობის აღსრულება იმ ორგანიზაციების მიმართ, ვინც ნებაყოფლობით არ დარეგისტრირდა, მათ შორის – კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიისადმი”, – ამბობს მილერი და იმეორებს, რომ სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის გადაწყვეტილებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მრავლისმომცველი გადახედვის პროცესშია და სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე მიიღო ზომები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ.
“ორმხრივი ურთიერთობების მრავალმხრივი გადახედვის ფარგლებში, როგორც იცით, ჩვენ დავაწესეთ სავიზო შეზღუდვები საქართველოს ათობით მოქალაქისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, მათ შორის – პარტია “ქართული ოცნების” წევრების, პარლამენტარების, სამართალდამცველი უწყებების წარმომადგენლებისა და სხვა ინდივიდუალური პირებისთვის. ჩვენ შევაჩერეთ $95 მილიონის ოდენობის დახმარება, რომლითაც პირდაპირ სარგებლობდა საქართველოს მთავრობა”, – განმარტავს მილერი.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, ურთიერთობების გადახედვის პროცესი გრძელდება და ის დამატებით ნაბიჯებს “არ გამორიცხავს”.