აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების თაობაზე გამოძიებას მოითხოვს და ამ საკითხში კონსულტაციები აქვს თავის მოკავშირეებთან.
„ჩვენ ასევე განვაცხადეთ, რომ კონსულტაციებს ვატარებთ ჩვენს კოლეგებთან ევროპის კავშირში იმაზე, თუ რა სხვა სახის გამოძიების ჩატარება შეიძლება იყოს მიზანშეწონილი,“ თქვა მილერმა 30 ოქტომბერს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე.
ამასთან მან აღნიშნა, რომ „საქართველოს მთავრობასთან ჩვენი ურთიერთობები კვლავაც არის გადახედვის საგანი. ჩვენ შევაჩერეთ 95 მილიონი დოლარის დახმარება. ჩვენ გსურს, რომ ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყოს – მათი თავისუფლება, გამოხატონ პროტესტი, არანაირი სახით არ დაირღვეს მათი გამოხატვის უფლება.“
მილერმა კვლავ გაიმეორა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, გამჭვირვალედ გამოიძიოს არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევა.
სამშაბათს თეთრმა სახლმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ჯო ბაიდენი ლაპარაკობს საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე, რომელსაც, მისი სიტყვებით, ზიანი მიადგა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, ასევე ამომრჩევლის დაშინებითა და იძულებით.
„სულ ახლახან საქართველოში ჩატარებულ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ზიანი მიადგა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების არაერთი შემთხვევით, ამომრჩევლის დაშინებითა და იძულებით.
საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ, მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი აზრი ამ არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელზეც დამოუკიდებელ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს არ უთქვამთ, რომ იყო თავისუფალი და სამართლიანი”, – წერს ბაიდენი.
აშშ-ის პრეზიდენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა, გაიწვიოს ისეთი კანონები, როგორიცაა ე.წ. უცხოური გავლენის შესახებ კანონი, რომელიც, მისივე შეფასებით, ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და დაუყოვნებლივ დაიწყოს ინკლუზიური დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან საქართველოში, არჩევნების მთლიანობის აღსადგენად.
„ყველა მხარეს მოვუწოდებთ, მკაცრად სცენ პატივი კანონის უზენაესობას და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, რაც რჩება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის საფუძვლად“, – აცხადებს ბაიდენი 30 ოქტომბრის განცხადებაში.