ოპოზიციურმა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გამოაქვეყნა რუსული სანომრე ნიშნებით მოძრავი, ერთნაირი, სავარაუდოდ G-კლასის ავტომობილების კოლონის ამსახველი ვიდეო, რომელიც სოფელ ნატახტართან რის გადაღებული. მოგვიანებით გამოქვეყნდა ფოტო, რომელზეც ასახულია იგივე ავტომობილები, პარკირებული უკვე ბათუმში.
სოცქსელების მომხმარებლები წერენ, რომ, მაისში, საქართველოში ჩამოსული იყვნენ ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის წარმომადგენლები. პანკისის ხეობის მკვიდრი, მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელებში წერს, რომ გავრცელებული კადრები ასახავს „რამზან კადიროვის ესკორტის იმ ნაწილს“, რომელსაც „მათთვის ძაან მნიშვნელოვან მისიაზე უშვებენ!“ და „ეს რაზმი“ სადაზვერვო საქმიანობას ეწევა.
“ევროპული მდგრადობის ინიციატივის ცენტრის” (European Resilience Initiative Center) დამფუძნებელი, ექსპერტი აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში, სერგეი სუმლენი ტვიტერზე აზიარებს საქართველოში ესკორტის გადაადგილებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და წერს, რომ “777-77” ნომრები რუსეთში ძირითადად გაიცემოდა დანაშაულებრივი საყაროს, მთავრობის, ანდა სპეცსამსახურების წარმომადგენლებისთვის.
“საინტერესოა, რომ სერია “77” ოფიციალურად აღარ არსებობს ახალად დარეგისტრირებული ავტმობილებისთვის, მაგრამ მემკვიდრეობით გადაეცემათ სისტემის შიგნით”, – წერს ექსპერტი და ავრცელებს ვიდეო და ფოტომასალას, თუ როგორ გადაადგილდება მსგავსი ესკორტი სხვდასხვა დროს და სავარაუდოდ – არა მხოლოდ რუსეთში.
ერთ-ერთი ვერსიით, ესკორტით საქრთველოში ჩეჩენი ბიზნესმენი გადაადგილდებოდა. ასეთივე ავტომობილები, მსგავსი ნომრებით, ასახულია ვიდეოში, რომელიც ინსტაგრამზე ბიზნესმენ ასლანბეკ ახმეტხანოვის სახელით, ერთი წლის წინ არის გამოქვეყნებული.
„კავკაზსკი უზელი“ («Кавказский узел») წერდა, რომ ახმეტხანოვი ძალიან მდიდარი ბიზნესმენი და კომპანია „იუგ-ნეფტის“ («Юг-нефть») მფლობელია, რომელიც კავშირი აქვს დანაშაულებრივ სამყაროსთან. გამოცემის წყაროები იუწყებოდნენ, რომ მისი ზედმეტსახელია „ეშმაკი“.
2020 წლის აპრილში, რამზან კადიროვი პირადად, საჯაროდ და მწვავედ დაუპირისპირდა ასლანბეკ ახმეტხანოვს, კარანტინის დროს, ქალების გარემოცვაში ალკოჰოლური სასმელის მიღებისა და ასევე იარაღის შესყიდვის გამო. ბიზნესმენმა ბოდიში მოიხადა, მაგრამ, მუქარების ფონზე, გარკვეული დროით ჩამოშორდა ოჯახს.
თავის სოფელში, საცხოვრებელ სახლში ბიზნესმენი რამდენიმე კვირის შემდეგ დაბრუნდა. ექსპერტები მაშინ აღნიშნავდნენ, რომ კადიროვმა ძალისა და ხალხის კონტროლის სადავეების დემონსტრირება მოახდინა, თუმცა, მათ შორის – ფინანსური ინტერესების გამო, მოსალოდნელი არ იყო ბიზნესმენ ახმეტხანოვის სამუდამო გაწირვა.
მედიასა და სოცქსელებში გაჩაღებული დისკუსიების შესახებ საქართველოს ხელისუფლებას განცხადება არ გაუკეთებია. “მთავარი არხის” ინფორმაციით, „კადიროველებმა“ საქართველო უკვე დატოვეს და თურქეთში გადავიდნენ.