11 ივნისს, მალავის პრეზიდენტმა ლაზარუს ჩაკვერამ დაადასტურა, რომ ერთდღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, მიაგნეს დაკარგული სამხედრო თვითმფრინავის ნამსხვრევებს, რომელშიც ვიცე-პრეზიდენტი საულოს კლაუს ჩილიმა იმყოფებოდა. ავიაკატასტროფის შედეგად, თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაღუპულია.
ქვეყნის მთავრობამ ვიცე-პრეზიდენტის თვითმფრინავის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია ერთი დღით ადრე, 10 ივნისს გაავრცელა. ვიცე-პრეზიდენტ ჩილიმასთან ერთად, ბორტზე კიდევ ცხრა პირი იმყოფებოდა. ნამსხვრევებად ქცეული თვითმფრინავი მალავის ჩრდილოეთით, მთიან მხარეში აღმოაჩინეს.
51 წლის ჩილიმა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთ-ერთ წამყვან კანდიდატად მოიაზრებოდა. ის 2022 წელს დააკავეს, თუმცა სასამართლომ მას ბრალდება გასულ თვეში მოუხსნა. ჩილიმა წაყენებულ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფდა.
“ძალზე დამწუხრებული ვარ, ბოდიშს გიხდით ყველას. გაცნობებთ, რომ ეს საშინელი ტრაგედია იყო. სამძებრო-სამაშველო ჯგუფმა თვითმფრინავი ბორცვის მახლობლად იპოვა. მათ ის მთლიანად განადგურებული ოპოვეს, გადარჩენილი ადამიანების გარეშე”, – თქვა პრეზიდენტმა ჩაკვერამ ერისადმი მიმართვაში.