
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის სახელმწიფო საგრანტო პროგრამას შექმნის. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, როცა საუბრობდა იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირდნენ.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დავაფუძნოთ საგრანტო პროგრამა, რომელიც სრულად ქართველი გადასახადის გადამხდელის ფულით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება…
რეგისტრაციას არ ერიდებიან უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში არც პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას ცდილობენ, არც რევოლუციური გეგმების რეალიზებაში მონაწილეობენ, არც ქვეყნის რელიგიური იდენტობის შერყევას ცდილობენ, არც ლგბტ-პროპაგანდით არიან დაკავებული და არც სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტების მშენებლობისთვის ქმნიან ხელოვნურ დაბრკოლებებს“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
მასალა განახლდება