
46 წლის პატიმარი, იოსებ გორგაძე გლდანის ციხიდან კლინიკა „ვივამედში“ 23 იანვარს 15:43-ზე შეიყვანეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა კლინიკაში დატოვეს ე.წ. ფორმა 100, სადაც ეწერა, რომ საკანში შესულ ექიმს პაციენტი უგონოდ, იატაკზე მწოლიარე დახვდა, მაღალი არტერიული წნევით.
ექიმმა მას წამალი კუნთში გაუკეთა. წნევა ნელ-ნელა ქვევით ჩამოვიდა და 140/80-ზე შეჩერდა.
„ერთადერთ სიტყვას ამბობდა – „არა“, სხვა მხრივ კონტაქტში არ შემოდიოდა“, – დაწერა სასწრაფოს ექიმმა მოკლე ანამნეზი, დიაგნოზის გრაფაში კი მიუთითა – „თავის ტვინის ინსულტი“, – კითხვის ნიშნით, წერტილის ნაცვლად.
რა წერია „ვივამედის“ გაცემულ ცნობაში?
„ვივამედის“ გაცემული ჯანმრთელობის ცნობა, რომელიც რადიო თავისუფლებას მიაწოდეს, 28 იანვრითაა დათარიღებული.
დოკუმენტში წერია, რომ კლინიკაში შეყვანისას პატიმარ გორგაძეს ჰქონდა:
- თავის ტკივილი;
- პერიოდულად დეზორიენტაცია;
- ძილიანობა;
- სისხლიანი გამონადენი ცხვირიდან;
- მარცხენა წარბის მიდამოში მცირე ზომის ნახეთქი სისხლმდენი ჭრილობა;
- ესკორაცია (კანის ზედაპირული დაზიანება) მარცხნივ თხემის არეში
- და კანქვეშა ჰემატომა.
სასწრაფო დახმარების მანქანაში მას გულიც აერია. „[ხილული] დაზიანების მიზეზს პაციენტი არ ასახელებს“, – წერია ჯანმრთელობის ცნობაში.
კლინიკა „ვივამედმა“ ინსულტი გამორიცხა და პაციენტის მდგომარეობის შესწავლის შემდეგ დასვა დიაგნოზი – პოლიტრავმა (მრავლობითი დაზიანებები).
რადიო თავისუფლების კითხვაზე – რატომ გამორიცხეს ინსულტი, „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე პასუხობს:
„[პირველი] – ინსულტის დროს, სხვადასხვა რეფლექსი მოწმდება. ამ შემთხვევაში არცერთი არ რეფლექსი მიანიშნებდა ინსულტზე.
მეორე – თავის ტვინის კომპიუტერული კვლევა. ტრავმის დროს არის სრულიად სხვა კომპიუტერული სურათი, აქედან გამომდინარე ინსულტი გამოირიცხა“.
პოლიტრავმის დიაგნოზს უსვამენ ადამიანს, რომელსაც დაზიანებული აქვს ორი ან მეტი მნიშვნელოვანი ორგანო ან სისტემები (მაგალითად, თავის ტვინი, გულ-მკერდი, მუცელი, კიდურები)
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ „ვივამედის“ დასკვნის თანახმად, იოსებ გორგაძეს ჰქონდა:
- მწვავე ეპიდუმური ჰემატომა – სისხლჩაქცევა თავის ქალასა და ტვინის გარსებს შორის;
- ტრავმული სუბარაქნოიდული ჰემორაგია – სისხლჩაქცევა ტვინის ერთ-ერთ შიდა გარსში;
- თავის ტვინის კუნთოვანი ტრავმა – თავის ტვინი დაზიანებულია ძლიერი დარტყმის შედეგად;
- სუბდურული ჰემატომა – სისხლჩაქცევა ტვინისა და თავის ქალის შიდა გარსს შორის;
- ქალა-სარქვლის მოტეხილობა – თავის ქალის მოტეხილობა;
- თავის ზედაპირული ტრავმა – კანის ან რბილი ქსოვილების დაზიანება;
- თვალისა და თვალბუდის სხვა ტრავმები – თვალის ან მის გარშემო მდებარე ძვლის/ქსოვილის დაზიანება.
პატიმარს მდგომარეობა დაუმძიმა კომამ და სუნთქვის მწვავე უკმარისობამ.
დასკვნაში წერია, რომ მას ესენციური (პირველადი) ჰიპერტენზია ჰქონდა. ამ სახის მაღალი არტერიული წნევა, თავისთავად ვითარდება და არაა გამოწვეული სხვა ავადმყოფობით.
იოსებ გორგაძემ კლინიკა „ვივამედის“ რეანიმაციულ განყოფილებაში სამი თვე უგონოდ მდგომარეობაში დაყო და 4 მაისს, საღამოს გარდაიცვალა. მასთან დალაპარაკება ადვოკატმა ვერ მოახერხა.
პენიტენციური სამსახური ამბობს, რომ ციხეში არაფერი საეჭვო და ძალადობრივი არ მომხდარა, იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ თქვა, რომ ეს იყო უბედური შემთხვევაში და რომ პატიმარი დაეცა.
„…მძიმე დაზიანება, რომელიც მან თავის არეში მიიღო, სავარაუდოდ, დაცემის შედეგად, ამას გამოძიება დაადგენს საბოლოოდ და შესაბამისი ექსპერტიზების შემდეგ გახდება ცნობილი. სწორედ ამ დაცემის შედეგად მიიღო პატიმარმა ის დაზიანებები, რომლებიც, შემდგომ, სამწუხაროდ, სასიკვდილო აღმოჩნდა“, – თქვა პაატა სალიამ.
სამედიცინო დოკუმენტაციაში „ვივამედის“ ექიმმა დაწერა: „დაცემის ფაქტს უარყოფს, თუმცა არაადეკვატურია“.
გარდავლილი პატიმრის ადვოკატსა და ოჯახის წევრებს არ სჯერათ, რომ ასეთი მძიმე დაზიანებები „გლდანის ციხეში“ დაცემით მიიღო.
„გორგაძე კედელ-კედელ დადიოდა და თავს ურტყამდა და თვითდაზიანებები მიიღო? ეს ხომ წარმოუდგენელია, ის არის ნაწამები, ნაცემი ძალიან მძიმედ…“ – ამბობს მისი ადვოკატი მუხრან წულაია. მას და პატიმრის ოჯახს „გლდანის ციხეში“ დაცემის ვერსიის არ სჯერათ:
„…ვინ გააკეთა? დაუკვეთა თუ არა ვინმემ? ჩხუბი იყო პატიმრებს შორის? მონაწილეობდა თუ არა საბადრაგო სამსახური? – ეს ჩემთვის უცნობია. ფაქტია, რომ ამ ადამიანს გაუსწორდნენ და კითხვებს პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს“.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, გამოძიება 4 მაისს პატიმრის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო, სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით. ეს მუხლი სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ადვოკატი გვეუბნება, რომ ამ უწყებას გამოძიების დასაწყებად ჯერ კიდევ იანვარში მიმართეს.
იოსებ გორგაძის კლინიკაში გადაყვანის შესახებ პატიმრის ოჯახის წევრებისთვის ოფიციალურად არავის უცნობებია. ციხიდან კლინიკაში გადაყვანის შესახებ ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ პატიმრის თანამესაკნისგან შეიტყო და შემდეგ ოჯახის წევრებს გააგებინა. ამბობს, რომ არ იცის, ვინ დაურეკა.
„მითხრა, ცუდად გახდა და წაიყვანეს, მაინტერესებდა, როგორ იყოო. მითხრეს, რომ ჩემი მობილურის ნომერი გორგაძის ბლოკნოტში უნახავთ ჩაწერილი“, – ამბობს ადვოკატი.
რადიო თავისუფლებას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურს ჰკითხა, რატომ არ შეატყობინეს ოჯახს მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
უცნობი თანამესაკნის ამ ზარიდან რამდენიმე დღეში, 29 იანვარს იოსებ გორგაძის ხულოდან და წალკიდან ჩამოსულმა ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა გლდანის ციხესთან საპროტესტო აქცია გამართეს.
„სავარაუდოდ, ციხეში გაუსწორდნენ. ვინ და როგორ, არ ვიცით და ამ კითხვაზე პასუხების მისაღებად მოვედით და შევიკრიბეთ. გვითხრეს ინსულტითაა გადაყვანილი. ეს ინსულტი სად მიიღო? საწოლიდან ჩამოვარდა და დაზიანებები მიიღო, თუ გაუსწორდნენ ფიზიკურად?” – ციხესთან იოსებ გორგაძის ახლობლის, ზურაბ საგინაძის დასმულ ამ კითხვებზე პასუხი ისევ არ არსებობს.
„მეათე სართულიდან რომ გადმოვარდეს, იმ დონის ტრავმები ჰქონდა. ეს არის სპეციალურად გაკეთებული პენიტენციური სამსახურის მიერ. სხვა განცდა მე არ მრჩება… ამას პატიმარი ვერ გააკეთებდა“, – თქვა პატიმრის ძმამ შოთა გორგაძემ 5 მაისს „ტვ პირველის“ ეთერში.
შოთა გორგაძე ამას ამბობს, რადგან სურს, „საზოგადოებას მიაპყრობინოს ყურადღება პატიმრების მდგომარეობაზე“, ამასთან, ეჭვობს, რომ „გარკვეულ პირებს სურთ დანაშაულის დაფარვა მის ძმასთან დაკავშირებით“.
„მოტივი? – არ ვიცი” – პასუხობს რადიო თავისუფლებას ადვოკატი მუხრან ღურწკაია და აგრძელებს:
„ამაზე ფიქრს რომ ვიწყებთ, მერე ყველა ქვეცნობიერად უკავშირებს ავარიას, რის გამოც გორგაძე ციხეში მოხვდა. ხომ არ იყო ეს დაზარალებულების ოჯახების შურისძიება? ეს სერიოზული ბრალდებაა, მაგათ ხელს როგორ დავადებთ, მტკიცებულებებია საჭირო, თან შურისძიებას ოჯახიც გამორიცხავს“.
რატომ დააკავეს იოსებ გორგაძე?
პატიმარი ციხეში გასული წლის ოქტომბრის ბოლოს მოხვდა. იოსებ გორგაძეს ბრალად ედებოდა იმ ოთხი ადამიანის სიკვდილი, რომლებსაც ავტომობილით დაეჯახა.
შარშან 24 ოქტომბერს, ღამით, დაახლოებით 02:00 საათზე წალკასთან ავტოავარია მოხდა – წალკიდან სოფელ კოდისკენ მიმავალი ფორდის მარკის ავტომობილი გაჩერებული მანქანიდან გადმოსულ ოთხ ადამიანს შეეჯახა. მათგან სამი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი – კლინიკაში.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაღუპულები იყვნენ პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, რომლებიც თბილისიდან, მმართველი პარტიის დასკვნითი წინასაარჩევნო შეკრებიდან ბრუნდებოდნენ სახლში. წალკის მერმა, ემზარ გელოვანმა ეს ინფორმაცია ჟურნალისტებთან უარყო.
ადვოკატ, მუხრან ღურწკაიას ინფორმაციით, დაღუპულთა შორის წალკის მერიის თანამშრომლები იყვნენ. იოსებ გორგაძე ადგილზე დააკავეს.
„მას ავარიის შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია“, – ამბობს ადვოკატი.
46 წლის იოსებ გორგაძე წალკაში აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტი იყო. ის სოფლის მეურნეობით ირჩენდა თავს. წალკაში მცხოვრებლების კუთვნილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი თბილისში მიჰყავდა და იქ ჰყიდდა. ადვოკატის თქმით, დარჩა ცოლი და სრულწლოვანი შვილი.
რა ირკვევა პენიტენციური სამსახურის გავრცელებული კადრებით?
სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებებს უარყოფს და პატიმარზე ძალადობას გამორიცხავს. უწყებამ, გორგაძის გარდაცვალების შემდეგ, პირველი განცხადება გუშინ 5 მაისს გაავრცელა. პენიტენციური სამსახური „გმობს პატიმრის გარდაცვალების ფაქტით მანიპულირებას“, რაც ცალკეული მედიასაშუალებების მხრიდან „ადამიანური ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მორიგი მაგალითია“.
განცხადებიდან გაირკვა, რომ მძიმე დაზიანებებით, პატიმრის კლინიკაში მოხვედრაზე გამოძიება იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველომ აწარმოვა და „ჩხუბისა და ძალადობის ფაქტს“ ვერ მიაკვლია.
ნათქვამის გასამყარებლად, იუსტიციის სამინისტრომ 6 მაისს ფეისბუკზე ნახევარსაათიანი დამონტაჟებული ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც 21, 22 და 23 იანვარს სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრებია შეკრებილი – ჩანს, როგორ დადის პატიმარი საკანში, ჩანან ბადრაგი და სასწრაფო დახმარების ექიმები.
„ვიდეომასალა საკმაოდ მოცულობითია და ვასაჯაროებთ მხოლოდ მნიშვნელოვან გარემოებებთან დაკავშირებულ კადრებს. ვიდეომასალა თარიღებისა და საათების მიხედვით თვალსაჩინოდ ასახავს იმ რეალობას, რომ ბრალდებულის მიმართ არანაირი ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია“, – თან ურთავს კადრებს კომენტარს იუსტიციის სამინისტრო.
ვიდეოჩანაწერის თანახმად, 21 იანვარს 14:35 საათიდან 15:10 საათამდე პერიოდში ბრალდებული გორგაძე წაიყვანეს აბანოში და შემდეგ საკანში დააბრუნეს. მეორე დღეს 13:16 საათზე ის ტელეფონზე რეკავს. აქედან 9 წუთში პატიმარი ექიმის ოთახში შედის, ხუთ წუთში ბადრაგი მას საკანში აბრუნებს.
23 იანვრის დილა ციხეში განრიგის შესაბამისად დაიწყო, დილის რვა საათზე გორგაძეს საკანში მომსახურე პატიმარმა საჭმელი მიაწოდა. 09:24 საათზე ბადრაგმა საკანი შეამოწმა, შევიდა თანამშრომელი, დაყო 1 წუთამდე და გამოვიდა; ვიდეოში ჩანს, რომ ამ დროის განმავლობაში საკნიდან არავინ არ გამოსულა.
შემდეგ ისევ საკვები დარიგდა; 12-ის ნახევისთვის პატიმრებს „მომსახურე პატიმარი“ საკნის კართან მაღაზიის პარკებს ულაგებს. ამის შემდეგ ორი საათის განმავლობაში პატიმრები სოციალური დანაყოფის თანამშრომლებმა და ბადრაგებმა გარედან შეამოწმეს. საკანში არ შესულან.
ორ საათზე ისევ საკვები დარიგდა, აქედან 25 წუთში ვიდეოში ჩანს, როგორ გარბიან ციხის თანამშრომლები ჩქარი ნაბიჯით გორგაძის საკნისკენ. ორ წუთში ექიმი და ექთანი მიდიან. აქედან 20 წუთში გორგაძე საკაცით საკნიდან გაჰყავთ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს ის ციხიდან კლინიკაში მიჰყავთ. კადრებში ჩანს, რომ გორგაძე ხან უგონოდაა, ხანაც ლაპარაკობს.
გარდაცვლილი პატიმრის ადვოკატი, ვიდეომასალის სრულად გასაჯაროებას მოითხოვს:
„რატომ ჭრიან, რა არის ამაში პრობლემა? საავადმყოფოში ხელი რომ აწია და თავი რომ გადაწია ადამიანმა ეს ხომ არ ნიშნავს, რომ კარგად არის?… რა მოხდა საკანში? – ამას უნდა გაეცეს პასუხი“.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, 14 იანვრიდან 23 იანვრის ჩათვლით სრული ვიდეომასალა 220 საათია, რაც საგამოძიებო უწყებებს უკვე გადასცეს.
რას ამბობს თანამესაკნე?
იოსებ გორგაძე საკანში კიდევ ორ პატიმართან ერთად ცხოვრობდა. თუ შიგნით რაიმე მოხდა, ეს გორგაძის თანამესაკნეებმა უნდა იცოდნენ. საკანი ერთადერთი ადგილია, რომელსაც ვიდეოსათვალთვალო კამერა არ იღებს. ერთ-ერთი მათგანის ჩვენების მიხედვით, პატიმარი საპირფარეშოში წაიქცა.
„თანამესაკნე ამბობს, რომ საპირფარეშოში წაიქცაო, უცებ ცუდად გახდა, კიბეებია იქ, სადაც თავი და ზურგი დაარტყა და გაითიშაო“, – ამბობს ადვოკატი.
ერთია, რას ჰყვებიან თანამესაკნეები და მეორეა, რას ასკვნიან ექიმები ტრავმების შესწავლაზე დაყრდნობით.
გარდაცვლილის ადვოკატმა დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაატარა. შედეგებმა „სიმაღლიდან დაცემის გამო დაზიანების ვერსია“ გამორიცხა და პატიმრის ოჯახის წევრების ეჭვი დაადასტურა.
რა წერია ექსპერტიზის დამოუკიდებელ დასკვნაში?
ადვოკატმა ექსპერტ ალექსანდრე გეჯაძეს რამდენიმე კითხვა დაუსვა:
- სად და რა დაზიანებები ჰქონდა იოსებ გორგაძეს?
- რით შეიძლება იყოს ისინი მიყენებული?
- როგორია დაზიანების სიმძიმის ხარისხი?
- ხანდაზმულებით შეესაბამება თუ არა დაზიანებები წარმოშობა 2025 წლის 23 იანვარს?
- შესაძლებელია თუ არა იოსებ გორგაძეს ეს დაზიანებები მიეღო სიმაღლიდან ვარდნის შედეგად?
ექსპერტის ცნობით, დაზიანებები, რომელიც პატიმარს აღენიშნებოდა, „მათი ლოკალიზაციისა და ხასიათის მხედველობაში მიღებით ვერ განვითარდებოდა იოსებ გორგაძის საკუთარი სხეულის სიმაღლიდან მკვრივ ბლაგვ ზედაპირზე ერთჯერადი დაცემით, ვარდნით“.
ალექსანდრე გეჯაძე პირდაპირ წერს, რომ გორგაძის მძიმე დაზიანებები „რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის, საგნების არაერთჯერადი მოქმედების“ შედეგია და „მიეკუთვნება სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხს“.
„ვინ მიაყენა ეს დაზიანებები, რა მოხდა, ვინ ცემა? ჩვენ არ ვიცით ეს, ჩვენ იქ არ ვყოფილვართ, მაგრამ ამას, რომ რიგითი პატიმარი მარტო ვერ გააკეთებდა ხომ ფაქტია? ვინმეს რომ ეს გაეკეთებინა, უკვე ბრალი ექნებოდათ წაყენებული“, – მოკლული პატიმრის ადვოკატსა და ოჯახის წევრებს ამ დასკვნამ გაუმყარა ვარაუდი, რომ პენიტენციური სამსახური დამნაშავეებს ხელს აფარებს. ისინი მოითხოვენ ექსპერტიზა გამოძიებამაც ჩაატაროს.
სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე ამბობს, რომ სიმართლის ჩვენების მთელი პასუხისმგებლობა სახელმწიფოზეა, რომელმაც პატიმრის გარდაცვალების ამ საქმეზე „უკვე დაუშვა შეცდომები“. ის „საეჭვო გარემოებებზე“ საუბრობს:
„პირველი საეჭვო გარემოება ოჯახისთვის მომხდარის დაგვიანებით შეტყობინებაა, არადა, შეტყობინების სპეციალური პროტოკოლი მუშაობს. მეორე – ამდენი ხანი რომ გამოძიება მიმდინარეობდა, რა გაირკვა? შედეგები სად არის? სამი თვე ექსპერტიზა ვერ დაინიშნა? საგამოძიებო ექსპერტიზა ვერ ჩატარდა? გამოქვეყნებულია ვიდეოჩანაწერები, რომლებიც დაჭრილია და კითხვებს არ ფანტავს.
ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ფორმალურად დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახური რომ გვაქვს მან რატომ არ შეისწავლა თავიდანვე ამბავი და რატომ ჩაერთო საქმეში გვიან. პირველი შეტყობინება მისთვის სახალხო დამცველს უნდა გაეგზავნა“, – ამბობს გია ბურჯანაძე.
სახალხო დამცველის აპარატში თქვეს, რომ „სახალხო დამცველის აპარატი გარდაცვალების მიზეზების გამოკვეთისა და შეფასების მიზნით შემთხვევის სრულფასოვან შესწავლას მოახდენს“. უწყებაში ექსპერტიზის ჩატარების საჭიროებაზე გაამახვილეს ყურადღება.
იოსებ გორგაძე 6 მაისს დაკრძალეს. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სიმართლის გარკვევის მოთხოვნით ციხესთან აქციებს გამართავენ.