უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში, სადაც გადაწყვეტილება ახსნა, თავიდანვე მიანიშნა, რომ გენერალი ზალუჟნი ზაფხულის წარუმატებელი კონტრშეტევის გამო ჩაანაცვლა:
„გულწრფელად უნდა ვთქვათ: სამხრეთის მიმართულებით სტაგნაციის განცდამ და დონეცკის ოლქში ბრძოლებში არსებულმა სირთულეებმა გავლენა იქონიეს საზოგადოების განწყობაზე. უკრაინელები გამარჯვებაზე სულ უფრო იშვიათად ლაპარაკობენ“.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ზალუჟნის გაწეული სამსახურისთვის, ახალ მთავარსარდალს კი უწოდა ყველაზე გამოცდილი უკრაინელი მეთაური, რომელსაც აქვს როგორც თავდაცვის წარმატებული გამოცდილება (კიევის დაცვის ოპერაცია), ასევე იერიშისა, როდესაც ხარკოვი გაანთავისუფლა.
ოლექსანდრ სირსკი – რუსეთში დაბადებული უკრაინის გმირი
ოლექსანდრ სირსკი დაიბადა 1965 წლის 26 ივლისს რუსეთის ვლადიმირის ოლქის კირჟაცკის რაიონის სოფელ ნოვინკიში, თუმცა ჯერ კიდევ 15 წლის ასაკში გადავიდა უკრაინაში საცხოვრებლად.
1986 წელს დაამთავრა მოსკოვის უმაღლესი სამხედრო სამეთაურო სკოლა. მსახურობდა უკრაინის სსრ-ში, სადაც დარჩა დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ – დაიწყო სამსახური ეროვნულ გვარდიაში, შემდეგ კი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში.
1993 წლიდან სირსკი მეთაურობდა უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-6 დივიზიის მოტომსროლელთა ბატალიონს.
1996 წელს დაამთავრა უკრაინის შეიარაღებული ძალების აკადემია, 2005 წელს კი ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტი.
2000-იან წლებში სირსკი მეთაურობდა 72-ე მექანიზებულ ბრიგადას. აქტიურად იყო ჩართული უკრაინისა და ნატოს თანამშრომლობაში.
უკრაინაში რუსეთის ჰიბრიდული შეჭრისას სირსკი დაინიშნა ანტიტერორისტული ოპერაციის, ე.წ. АТО-ს შტაბის უფროსად დონბასში. კერძოდ, ის იყო უკრაინული ძალების ერთ-ერთი მთავარი მეთაური დებალცევოსათვის ბრძოლაში 2015 წლის ზამთარში. ამ ოპერაციისთვის სირსკი დაჯილდოვდა ბოჰდან ხმელნიცკის III ხარისხის ორდენით, მოგვიანებით კი მიენიჭა გენერალ-ლეიტენანტის წოდება. სირსკი ასევე ხელმძღვანელობდა უკრაინის ჯარებს უგლეგორსკის, სოფელ რედკოდუბისა და ლოგვინოვოსთვის ბრძოლებში.
2016 წელს ხელმძღვანელობდა უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ ოპერატიულ შტაბს, რომელიც კოორდინაციას უწევდა უკრაინული ძალების მოქმედებებს დონბასში.
2017 წელს სირსკი დაინიშნა მთელი ანტიტერორისტული ოპერაციის (ATO) მეთაურად აღმოსავლეთ უკრაინაში, რომელიც შემდგომში გადაკეთდა ერთობლივი ძალების ოპერაციად (ООС).
2019 წლის 5 მაისიდან ხელმძღვანელობდა სახმელეთო ძალებს.
2020 წლის აგვისტოში მიიღო გენერალ-პოლკოვნიკის წოდება.
ოლექსანდრ სირსკის ინიციატივით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში დაინერგა ნატოს მოდელის სარეზერვო მომზადების სისტემა და შეიქმნა სამი სპეციალიზებული სარდლობა სახმელეთო ჯარების სამეთაურო სტრუქტურაში.
2022 წლის ბოლოს, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ოლექსანდრ სირსკის წინააღმდეგ აღძრა სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 356 მუხლის (ომის წარმოების აკრძალული საშუალებებისა და მეთოდების გამოყენება) I ნაწილით მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შეფერხების გამო. 2023 წლის 30 მაისს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გენერალ სირსკიზე ძებნა გამოაცხადა.
ოლექსანდრ სირსკი ომისა და გამარჯვების შესახებ:
ნებისმიერი არმიის დამარცხება შესაძლებელია, მაგრამ შეუძლებელია იმ ხალხის დამარცხება, რომელიც შეგნებულად იბრძვის თავისი თავისუფლებისთვის.
ომი რთული და მძიმე გზაა, მაგრამ ჩვენ უნდა გავიაროთ იგი ჩვენი შვილების, მათი ბედნიერი მომავლის, ჩვენი სახელმწიფოს შენარჩუნებისა და კეთილდღეობისთვის!
ხალხი ჩვენგან გამარჯვებებს ელის. სხვადასხვა გამარჯვებას, სიმბოლურ გამარჯვებებს.
ყველას სურს, მყისიერად და დაუყოვნებლივ მიაღწიოს დიდ გამარჯვებას. ჩვენც ასევე გვსურს. მაგრამ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ამ პროცესს გარკვეული დრო დასჭირდება, რადგან ორივე მხარეს დიდი ძალაა კონცენტრირებული, ბევრი მატერიალური რესურსი და ბევრი საინჟინრო წინაღობა.
ჩვენ გავიმარჯვებთ მაშინ, როცა მტერი იქნება განადგურებული და ვიდგებით ჩვენს საზღვრებზე.
მკვლელობა, ძალადობა, უკანონობა, მთლიანად დანგრეული ინფრასტრუქტურა – ეს ყველაფერი ვნახეთ ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე. არანაირი ილუზიები არ გვაქვს. ამიტომ, ყველას, ვინც დღეს უკრაინას იცავს, ესმის, რომ ჩვენი მიწა, ჩვენი ოჯახები და ჩვენი შვილები დასაცავია ყოველივე ამისგან.
ჩვენ ყურადღებით ვსწავლობთ მტერს. ამიტომ ყველა შხამისთვის გვაქვს ანტიდოტი.
რუსები არ არიან იდიოტები. ისინი არ არიან სუსტები. ვინც სათანადოდ ვერ აფასებს, ის განწირულია მარცხისთვის.
ბახმუტის დაბრუნება პრინციპისა და ღირსების საკითხია, რადგან ბახმუტის დაცვისას ბევრი ჩვენი ძმა, ბევრი სამხედრო მოსამსახურე დავკარგეთ.
კიევის დაცვა და ხარკოვის ოლქის განთავისუფლება
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში სწორედ ოლექსანდრ სირსკი იყო პასუხისმგებელი კიევის დაცვაზე, რისთვისაც მან მიიღო ჯერ ბოჰდან ხმელნიცკის II ხარისხის ორდენი, შემდეგ კი, 2022 წლის 5 აპრილს – “უკრაინის გმირის” წოდება.
სირსკის ბრძანებით, სამხედრო სასწავლო ცენტრებში შეიქმნა სპეციალური დროებითი ბატალიონები, ხოლო დედაქალაქში შეიტანეს საარტილერიო სისტემები, რომლებიც ჩვეულებრივ საწვრთნელად გამოიყენებოდა ხოლმე.
„სირსკიმ დაყო კიევი და მისი მიმდებარე ტერიტორიები სექტორებად და თითოეული რაიონის ხელმძღვანელად დანიშნა გენერლები სამხედრო სასწავლო ცენტრებიდან, რითაც შექმნა სუბორდინაციის მკაცრი ჯაჭვი, რომლის დაქვემდებარებაში მოექცა უკრაინის ყველა სამხედრო ნაწილი და უსაფრთხოების სამსახური. ოფიცრებს მიეცათ ტაქტიკური გადაწყვეტილებების ადგილზე მიღების უფლება, შტაბთან სავალდებულო კონსულტაციის გარეშე“, – ასე აღწერეს The Washington Post-ის ჟურნალისტებმა ოლექსანდრ სირსკის მიერ კიევის წარმატებული დაცვის მომზადება.
სწორედ ოლექსანდრ სირსკის გადაწყვეტილებით ააფეთქეს უკრაინელმა სამხედროებმა რამდენიმე ხიდი და კაშხალი დედაქალაქის ირგვლივ, რამაც შექმნილ პირობებში შეუძლებელი გახადა რუსეთის იერიში და კიევში შესვლა.
2022 წლის შემოდგომაზე ასევე სირსკი იყო ხარკოვის კონტრიერიშის ერთ-ერთი სარდალი.
„ოლექსანდრ სირსკი ერთ-ერთია იმ გამოცდილ ოფიცერთა შორის, რომელიც ემზადება ყველა გაუთვალისწინებელი ვითარებისთვის, იმ სცენარებისთვისაც კი, რომლებსაც ის თავად მიიჩნევს უკიდურესად ნაკლებად სავარაუდოდ”, – წერდა The Washington Post-ი 2022 წელს.
2022 წლის სექტემბერში, ხარკოვის ოლქში წარმატებული იერიშის შემდეგ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ სირსკი დაასახელა უკრაინის შეიარაღებული ძალების გამარჯვებების მთავარ შემოქმედთა შორის.
„ესენი არიან ატლანტები, რომლებმაც საკუთარი მხრებით ზიდეს ოპერაციის ტვირთი”, – დაწერა მაშინ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ.
BBC-ის სამხედრო კორესპონდენტის ჯონათან ბილის თქმით, „გენერალი სირსკი სარგებლობს უაღრესად დიდი პატივისცემით უკრაინის ჯარში. ის შთაბეჭდილებას ახდენს მიზანდასახულობით, შეუპოვრობითა და ეშმაკობით. დღე-ღამეში მხოლოდ 4,5 საათი სძინავს. მისი ერთადერთი რელაქსაციაა სპორტდარბაზში ყოველდღიური ვარჯიში”.
თუმცა, ბრიტანელი ჟურნალისტის თქმით, უკრაინელ ოფიცერთა ნაწილი უარყოფითად ახასიათებს სირსკის, რადგან, მათი თქმით, ის არის ადამიანი, რომელიც სათანადოდ არ უფრთხილდება ჯარისკაცების სიცოცხლეს. The Guardian-ის ერთ-ერთმა რესპონდენტმა ოლ. სირსკი დაახასიათა, როგორც „ძალიან საბჭოთა აზროვნების“ მქონე სამხედრო მეთაური, ხოლო მეორემ, როგორც ჯარისკაცი, რომელიც მზადაა შეურიგდეს დიდ დანაკარგებს, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს კიევის ძალისხმევაზე წამოიწყოს დიდი მობილიზაცია.
ასევე, ზოგიერთი ოფიცერი იმასაც ჩივის, რომ სირსკის მოსწონს ძალაუფლების ვერტიკალის დარღვევა და ქვედანაყოფების მართვაში ჩარევა ასეულის დონეზეც კი.
ვნებები ბახმუტის გამო
სამხედრო-ანალიტიკურ წრეებში გავრცელებული ინფორმაციით, ოლექსანდრ სირსკისა და ვალერი ზალუჟნის განსხვავებული ხედვები ჰქონდათ იმაზე, თუ როგორ უნდა ემოქმედა უკრაინის არმიას ბახმუტთან: ღირდა თუ არა ჯერ ქალაქის დატოვება, შემდეგ კი – მასზე იერიშის მიტანა (2023 წლის ზაფხული-შემოდგომა) სამხრეთში კონტრშეტევის პარალელურად.
2023 წელს სირსკი ხელმძღვანელობდა უკრაინის ჯარების აღმოსავლეთის დაჯგუფებას, რომელიც იბრძოდა ფრონტის ყველაზე ცხელ უბნებზე. ბახმუტის ბრძოლაც სირსკის პასუხისმგებლობის ქვეშ იყო.
როგორც New York Times-მა დაწერა, 2023 წლის ზაფხულში, ერთ-ერთი შეხვედრის დროს, ამერიკელმა სტრატეგებმა დაჟინებით ურჩიეს ზალუჟნის, ფოკუსირება მოეხდინა სამხრეთის მიმართულებით გარღვევაზე და არ გაეფანტა რესურსები სამხრეთ და აღმოსავლეთ მიმართულებებს შორის. წყაროების თანახმად, ზალუჟნი დაეთანხმა მრჩევლებს. თუმცა, უკრაინის არმია განაგრძობდა შეტევით მოქმედებებს ბახმუტისთვის, რასაც მხარს უჭერდა სირსკი.
სირსკიმ ბახმუტისათვის ბრძოლას, რასაც ათასობით უკრაინელი ჯარისკაცი შეეწირა, “პრინციპისა და ღირსების საკითხი” უწოდა. ის ამბობდა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეეძლოთ რუსების მიერ დაკავებული ქალაქის ალყაში მოქცევა, მაგრამ ასე არ მოხდა.
სწორედ ბახმუტის ოპერაციაში დიდი დანაკარგების გამო ოლ. სირსკიმ მიიღო მეტსახელები „გენერალი 200“ და „ბახმუტის ჯალათი“, რომლებიც დიდი ენთუზიაზმით აიტაცა რუსულმა პროპაგანდამ.
კუპიანსკის გმირული დაცვა
2023 წლის შემოდგომიდან ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფი „ხორტიცა”, რომელსაც ოლ. სირსკი მეთაურობს, პასუხისმგებელია ფრონტის კუპიანსკისა და ლიმანის მონაკვეთებზე, სადაც რუსები ახორციელებენ მძლავრ იერიშებს, ხოლო უკრაინელები თავს იცავენ. ამ მიმართულებაზე რუსეთის მთავარი მიზანია განდევნოს უკრაინის შეიარაღებული ძალები მდინარეების ოსკოლისა და ჩორნი ჟერებეცის აღმოსავლეთ ნაპირიდან, რითაც მოიხსნება ლუგანსკის ოლქში ოკუპირებულ სვატოვოსა და კრემენაიაზე შეტევის საფრთხე.
გარდა ამისა, რუსეთის არმიამ შესაძლოა სცადოს ხელში ჩაიგდოს 2022 წლის შემოდგომაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გათავისუფლებული კუპიანსკი და ლიმანი, რომლებიც, როგორც დიდი სარკინიგზო კვანძები, მდგრადი თავდაცვის თვალსაზრისით სტრატეგიული მნიშვნელობისაა.
ფრონტის ამ უბანზე ექვსთვიანი ბრძოლების მიუხედავად, რუსეთის არმიამ მხოლოდ მცირედით წაიწია წინ (კუპიანსკი-სვატოვოს გზის მონაკვეთზე). ამასთან, მან დაკარგა ტექნიკისა და პერსონალის მნიშვნელოვანი ნაწილი.
თუმცა, სირსკის თქმით, ფრონტის ამ მონაკვეთზე ვითარება კვლავ მძიმეა, სიმძიმე კი დაკავშირებულია იმასთან, რომ კუპიანსკის მიმართულების გარდა, 2023 წლის ბოლოს რუსეთმა ერთდროულად შეუტია დონეცკის ოლქში სევერსკსა და ჩასივ იარს.
რატომ გაუშვეს ზალუჟნი
ზელენსკის გუნდსა და ზალუჟნის შორის კონფლიქტის შესახებ საუბარი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა.
კონფლიქტის ბოლო ეტაპი დაიწყო 2023 წლის 1 ნოემბერს. ამ დღეს ბრიტანულმა ჟურნალმა Economist-მა გამოაქვეყნა ზალუჟნის სტატია და ინტერვიუ. ზალუჟნიმ, პირველად ღიად აღიარა, რომ უკრაინის შეტევამ არ გამოიღო სასურველი შედეგები, ხოლო იმის მოლოდინი, რომ დიდი დანაკარგები გამოფიტავდა რუსეთის არმიას, იმთავითვე მცდარი იყო.
ომის შედეგები, ზალუჟნის თქმით, დამოკიდებულია დასავლეთის პოზიციასა და მიწოდებაზე.
სტრიქონებს შორის ასევე შეიძლებოდა იმის ამოკითხვა, რომ, ზალუჟნის აზრით, ბევრი რამ ასევე იყო დამოკიდებული უკრაინის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზეც.
მალევე დაიწყო საუბრები ზალუჟნის შესაძლო გადადგომისა და მისი კონფლიქტის შესახებ პრეზიდენტ ზელენსკისთან, რომელსაც, სავარაუდოდ, განსხვავებული აზრი ჰქონდა ომის მიმდინარეობის შესახებ.
უკრაინის პრეზიდენტის გუნდმა უარყო ჭორები, მაგრამ კონფლიქტი კიდევ უფრო გააღრმავა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებმა, რომელთა მიხედვითაც, პრეზიდენტის რეიტინგი განაგრძობდა კლებას, ზალუჟნი კი ინარჩუნებდა სტაბილურ პოპულარობას.
ზელენსკისა და ზალუჟნის ურთიერთობა კიდევ უფრო გააფუჭა კანონპროექტმა მობილიზაციის გაფართოების შესახებ. როგორც ანალიტიკოსები შენიშნავენ, ზელენსკის არ სურდა ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის აღება და ცდილობდა ტვირთის სამხედრო სარდლობაზე გადატანას. შედეგად, პროექტი არ დამტკიცდა და პარლამენტს განსახილველად წარედგინა კანონის ახალი ვერსია, რომლის მიღების ვადები ჯერჯერობით უცნობია.
და ამ ფონზე, 2024 წლის 1 თებერვალს, უკრაინის შეიარაღებული ძალების და ტელეკომპანია CNN-ის ვებსაიტებზე გენერალმა ზალუჟნიმ გამოაქვეყნა სვეტი, რომელშიც კვლავ ჩამოაყალიბა თავისი ხედვები ომის წარმოებასა და არმიაში გასატარებელ აუცილებელ ცვლილებებზე. მან ასევე გააკრიტიკა სამთავრობო უწყებები როგორც საჭირო მასშტაბის მობილიზაციის ვერჩატარების, ასევე სამხედრო ინდუსტრიის გაუმართავი მუშაობის გამო.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმაც განმარტა ცვლილება, და თქვა, რომ ის გამოწვეულია “მოქმედების იმ ტაქტიკის გადახედვის აუცილებლობით, რამაც სრულყოფილად ვერ უზრუნველყო სასურველი შედეგი. არ უნდა დავუშვათ ფრონტის ხაზზე სტაგნაცია, რომელიც უარყოფითად აისახება საზოგადოებრივ განწყობაზე. გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა იპოვონ ახალი ფუნქციონალური და მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებები ინიციატივის შენარჩუნებისა და უპირატესობის გაღრმავებისთვის”, – თქვა პოდოლიაკმა,
უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მთავარსარდლის დანიშვნის შესახებ განცხადება გააკეთა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმაც.
„ომი იცვლება, რაც თავის მხრივ მოითხოვს ახალ ცვლილებებს. საბრძოლო მოქმედებები 2022, 2023 და 2024 წლებში – სამი განსხვავებული რეალობაა. 2024 წელი მოიტანს ახალ ცვლილებებს, რომლებისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ გვჭირდება ახალი მიდგომები, ახალი სტრატეგიები“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ოლექსანდრ სირსკისთან ერთად ხელმძღვანელ თანამდებობებზე დაინიშნებიან ბრიგადის გენერლები ანდრეი გნატოვი, მიხაილო დრაპატი, იგორ სკიბიუკი და პოლკოვნიკები პაველ პალისა და ვადიმ სუხარევსკი.