როგორც „თბილისი პრაიდში“ უთხრეს რადიო თავისუფლებას, შს სამინისტროსგან მათ დაცვის „უმყარესი გარანტიები“ მიიღეს და იმედი აქვთ, რომ ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის. დაცვის გარანტიების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა შს სამინისტრომაც.
„სიყვარულს ვერ დაამარცხებ“ – 8 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ კვირეული მასშტაბური ფესტივალით დასრულდება. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სტუმრებს შორის იქნებიან ელჩები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
ღია მუქარები
„8 ივლისი იქნება 5 ივლისს დადგმულ კუბოზე ბოლო ლურსმნის დაჭედება“ – ეს სიტყვები კოკა მორგოშიას ეკუთვნის, „ალტ-ინფოს“ ჯგუფის ლიდერსა და 8 ივლისს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორს. აქტიურობენ სხვა ორგანიზატორებიც – ჩანს მსგავსი მზადება, მოწოდებები და მსგავსი მუქარები, როგორც ეს 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი აქციის წინ იყო.
„8 ივლისს უნდა იყოს დღე, როცა – აქამდე თუ შიშით და ისტერიკით იხსენებდნენ 5 ივლისის მოვლენებს ლიბერალურ ფლანგზე, დღეს იგივე უნდა ხდებოდეს 8 ივლისთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ეს მართლაც იქნება ძალის დემონსტრირება იმისთვის, რომ შეირყა ლიბერალების გავლენა“, – ამბობს „კონსერვატიული მოძრაობისა” და “ალტ-ინფოს” წარმომადგენელი, შოთა მარტინენკო.
აქციის ორგანიზატორები მხარდამჭერებს 8 ივლისს 12 საათზე ვაჟა-ფშაველას ძეგლთან შეკრებისკენ უკვე თითქმის ათი დღეა მოუწოდებენ.
„ჩვენ ვაპირებთ, რომ წაგართვათ ეგ ევროინტეგრაციის გზა. ქართველობა კი არა ევროპელობა უნდა დაგაკარგინოთ“ – მიმართავს ფესტივალის მონაწილეებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ზურა ზუკაკიშვილი, სოციალურ ქსელ ფეისბუკში გამოქვეყნებულ ვიდეოში. მისი განმარტებით – “გარყვნილების დემონსტრირება” და “პროპაგანდა” იყო ახლახან ლისზე გამართულ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალ Tbilisi Open Air -ზეც, რომელიც მუსიკის მოყვარულების დიდი სიყვარულით სარგებლობს.
8 ივლისის აქციას მთავარი ორგანიზატორია „ალტო-ინფო“ და მის ბაზაზე დაარსებული კონსერვატიული პარტია, რომლებიც მკაფიოდ პრორუსული განწყობებით გამოირჩევიან და საქართველოს არა ევროპის, არამედ რუსეთის ორბიტაზე ხედავენ.
ორგანიზატორები 8 ივლისის აქციისთვის ფულსაც აგროვებენ „რეგიონებიდან ხალხის ტრანსპორტირებისთვის“ და ამბობენ, რომ ეს დღე გადამწყვეტი იქნება „ქვეყნის ისტორიული პერსპექტივისთვის, ზნეობისთვის და არსებითად ქართველობისთვის!“ ფულს იღებენ ყველასგან და მათ შორის, დიდი სიამაყით – პენსიონერებისგანაც, რომლებსაც, მათი თქმით – საქართველოს “მტრებზე ჯავრის ამოყრა” სურთ.
7 ივლისს, TBC ბანკში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ 8 ივლისის აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს საბანკო ანგარიშები გაეყინა.
აქციას მხარს უჭერს არაერთი სასულიერო პირი:
- „ჩვენ მაგათ დავასრულებთ! არა ძალადობას კი არა, ვინც ქვეყანას რყვნის რა ენის მოჩლექით ლაპარაკი მაგათთან …“, – ამბობს „ალტ-ინფოს“ ეთერში დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი, 5 ივლისის აქციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, მაშინდელი განცხადებით – „ვალდებულები ხართ იძალადოთ სამშობლოსთვის, ქვეყნისთვის, სიწმინდისთვის!“
- მრევლს ქადაგებისას, „არაჯანსაღი ჯგუფებთან“ “მშვიდობიანად” დაპირისპირებისკენ და აქციაზე წასვლისკენ მოუწოდებს სასულიერო მღვდელი საბა ჭიკაიძეც. „ჩვენ ისინი ვერ გადაგვაგვარებენ, ჩვენ ისინი ვერ გაგვრყვნიან“ – ამბობს ის ეკლესიაში, ქადაგებისას და დასძენს, რომ პროტესტის გამოხატვა ყველას ვალია.
აქციაზე ხალხის მოსაზიდად აქტივისტები არც ბავშვების ჩართულობას ერიდებიან.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომლშიც არასრულწლოვანი გოგოები, სავარაუდოდ – დები, [დაახლოებით 10 და 6 წლის] „ერსა და ბერს“ 8 ივლისის აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. გოგოები წინასწარ დაზეპირებული ტექსტით ერთხმად ამბობენ, რომ მათი მამა მიდის აქციაზე „მომავლისა და ტრადიციების დასაცავად“, „რათა აღიკვეთოს გარყვნილება საქართველოში“. ბავშვები ამბობენ ერთგვარ ლექსსაც, რომელშიც „კაცის ქალად ქცევა“ და „კაცის კაცთან საქვეყნოდ გორვაა“ ნახსენები.
სოციალურ ქსელებში გაჩაღდა დისკუსია ბავშვების უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ივლისს განაცხადა, რომ „მიიღებს ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყოს ღონისძიების [„თბილისი პრაიდის“ ფესტივალის] უსაფრთხო ფორმატში ჩატარება“ და „თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს“.
უწყების ინფორმაციით:
- 8 ივლისს კონკრეტულ ლოკაციაზე, შემოსაზღვრულ ადგილას, დაგეგმილი დახურული ღონისძიების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, სამინისტროს წარმომადგენლები კომუნიკაციაში არიან შეკრების ორგანიზატორებთან.
- დახურული ღონისძიების მშვიდ ვითარებაში ჩატარების მიზნით, პოლიციის შესაბამისი დანაყოფები მობილიზებულნი იქნებიან ყველა საჭირო ლოკაციაზე და კომპეტენციის ფარგლებში დაიცავენ მართლწესრიგს და უსაფრთხოებას.
- „თბილისი პრაიდის“ შეკრებების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, ჩატარდა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა – გაეროს, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მონაწილეობით.
შს სამინისტრო მოუწოდებს კონტრაქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, „დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის ფარგლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის შესაბამისად“.
პოლიცია მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებსაც, რომ „კოორდინაციაში იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანამშრომლებთან და გაითვალისწინონ ადგილზე მყოფი სამართალდამცველების მითითებები“.
შს სამინისტროსთან ღია და ინტენსიური კომუნიკაციის არსებობას რადიო თავისუფლებასთან ადასტურებს „თბილისი პრაიდის“ თანადირექტორი მარიამ კვარაცხელია.
„საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, შსს-თან გვაქვს ძალიან მყარი, ცალსახა გარანტიები ჩვენი დახურული ღონისძიების დაცვის შესახებ. გვაქვს უმყარესი გარანტიები, რომ დაცულები ვიქნებით“, – კვარაცხელია ასევე აღნიშნავს, რომ აქციის ორგანიზატორების მუქარის შემცველი ყველა განცხადება მათ უკვე აქვთ დოკუმენტირებული და გადაცემული შს სამინისტროსთვის, რაზეც რეაგირებას ელოდებიან.
„თბილისი პრაიდის“ განმარტებით, დეზინფორმაციაა, რომ თითქოს 8 ივლისს, ქუჩაში ე.წ. გეი აღლუმი ტარდება. „რადიკალურ ჯგუფებს განზრახ შეყავთ საზოგადოება შეცდომაში პრაიდის ფესტივალთან დაკავშირებით… “, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
„თბილისი პრაიდს“ აქვს რჩევები როგორც ფესტივალის მონაწილეებისთვის, ასევე სხვა მოქალაქეებისთვის – რადგან „ქალაქში შესაძლოა შეიქმნას დაძაბული ან პოტენციურად სახიფათო სიტუაციები“ ძალადობრივი ჯგუფების მიერ ორგანიზებული შეკრების გამო:
- საჭიროა მოერიდოთ ვაჟა-ფშაველას მეტროს მიმდებარე ტერიტორიას, რომელიც ძალადობრივი ჯგუფების მიერ ორგანიზებული შეკრების გამო მაღალი რისკის ზონა იქნება;
- შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მარტო გადაადგილებას;
- რადგან ძალადობრივი ჯგუფები „ხშირად ინდივიდებზე გარეგნობის ან თვალსაჩინო მახასიათებლების საფუძველზე ირჩევენ აგრესიის ობიექტს“, „ღია და ამაყი თვითგამოხატვის“ მხარდაჭერის მოუხედავად – „ შესაძლოა გონივრული იყოს ამ პოტენციური რისკის გათვალისწინება საჯარო სივრცეებში გადაადგილებისას;
- დატენეთ მობილური მოწყობილობები და დარწმუნდეთ, რომ გაქვთ საშუალება, დაუკავშირდეთ სხვებს;
- თუ ღონისძიებების მიღმა რაიმე საეჭვოს შეამჩნევთ, ან გარკვეულ ვითარებაში თავს დაუცველად ან არაკომფორტულად იგრძნობთ, გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეატყობინოთ ამის შესახებ თბილისი პრაიდის გუნდს. ფესტივალის ტერიტორიაზე კი ღონისძიების პერსონალს ან/და დაცვას.
მაისის დასაწყისში, ირაკლი ღარიბაშვილმა, უნგრეთში, მონაწილეობა მიიღო გამართულ ულტრაკონსერვატორების კონფერენციაში (CPAC) დევიზით „ლიბერალების კოშმარი: ეროვნული ძალების საერთაშორისო შერწყმა“, რომელიც ჰომოფობიური დამოკიდებულებებით გამოირჩევა.
მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი თამაზ ლომიძე ფეისბუკის საშუალებით მიმართავს ხვალინდელი ძალადობრივი აქციის ორგანიზატორებს – „შავმაისურიანი რჯულის დამცველებს“ და მოუწოდებს მათ, რომ ხელი აიღონ ძალადობაზე ღმერთის დაცვის სახელით.
„გაიხადეთ ეგ შავი მაისურები, დაყარეთ აგურები, დაუშვით მუშტები, მოეშვით ღრიალს და ადამიანების დევნას ქრისტეს სახელით (მას ეს არ გაუკეთებია), დაკავდით წიგნებით, სპორტით, სიკეთით და სიყვარულით. თუ არა და როგორც თქვენ სდევნით სხვა ადამიანს, ისევე იქნებით დევნილნი ღმერთისგან, რადგან თავად ცოდვილებმა გაბედეთ მის მსჯავრში ჩარევა“, – წერს დეკანოზი.
საქართველოს დედაქალაქში “თბილისი პრაიდის კვირეული” 2 ივლისს გაიხსნა და უკვე ჩატარდა არაერთი ღონისძიება, მათ შორის – საერთაშორისო ლგბტქი კონფერენცია. კვირეულის სლოგანია “სიყვარულს ვერ დაამარცხებ”.
“პრაიდის კვირეული ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანებისთვის ერთმანეთის დანახვის, გაერთიანების, თავისუფალი თვითგამოხატვისა და საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის უნიკალური შესაძლებლობაა. პრაიდის კვირეულის ჩატარება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და პოლიტიკურია საქართველოში, სადაც ქვიარ მოძრაობის გავლენიანი მოწინააღმდეგეები გამიზნულად უშლიან ხელს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას, თესავენ სიძულვილს და ავრცელებენ პუტინისტურ იდეოლოგიას“, – აცხადებს “თბილისი პრაიდი”.
“პრაიდის კვირეულის” ორგანიზატორებმა, 2022 წლიდან უარი თქვეს „ღირსების მარშის“ ჩატარებაზე. 2021 წელს კი “ღირსების მარშის” საწინააღმდეგოდ რუსთაველის გამზირი მოძალადე ჯგუფებმა დაიკავეს, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს, ოპერატორებს და გამვლელებს. 5 ივლისს მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის – „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა.