
თბილისში, ერთ-ერთ ყველაზე გადატვირთულ გზაზე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, რომელიც ვაკესა და საბურთალოს აკავშირებს ერთმანეთთან, მოძრაობა გარკვეული დროით იზღუდება. ინფორმაციას ავრცელებს თბილისის მერია.
17 აგვისტოს ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა. ქვათაცვენა იყო რამდენიმე დღით ადრეც.
- უწყებაში აღნიშნავენ, რომ 26 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით, 06:00-დან 12:00 საათამდე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე – ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთიდან მიხეილ თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება იზღუდება.
- გარდა ამისა, 26 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით, 06:00-დან 08:00 საათამდე, მოძრაობა შეიზღუდა თამარაშვილის ქუჩიდან ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. ამ დროს მანქანები გადაადგილებას შეძლებენ თამარაშვილისა და ცინცაძის ქუჩების, ასევე, ჩოლოყაშვილის გზატკეცილის საშუალებით.
მერიაში ამბობენ, რომ ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე კლდოვან ფერდზე, პრევენციის მიზნით, ქვათაცვენის საწინააღმდეგო დამცავი ბადის მოწყობა და კლდის გაწმენდა გრძელდება.