
“ეს არის, არათუ ჩავარდნა, არამედ კატასტროფა. დასაბუთებულად, აშშ-ის მიერ დადგენილი, რუსეთის ФСБ-ს აგენტი, მართავდა თურმე, საქართველოს მთავარ პროკურატურას, რომელიც არის სამართალდამცავი სისტემის მაკონტროლებელი და ზედამხედველი უწყება“ – ასე ეხმაურება „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში, აშშ-ის მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის სანქცირებას დაზვერვის სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ანდრო გოცირიძე.
„აქ (ჩავარდნაში) ცალსახად არის კავშირი სამართალდამცავი სისტემის და სპეცსამსახურების პოლიტიზირებას შორის.
არავინ იცის და ვერც ვერასდროს შევაფასებთ, რა დონის სახელმწიფო საიდუმლოებაზე ჰქონდა ფარცხალაძეს წვდომა და ახლა ვის ხელშია მოხვედრილი ეს საიდუმლოება. ეს არის პირველ რიგში, იმ პირების პასუხისმგებლობა, ვინც შეამოწმა და შემდეგ წარადგინა ფარცხალაძე მთავარი პროკურორის პოსტზე
აშშ-მ ფარცხალაძეს სანქციები რუსეთის დაზვერვის სამსახურის ერთ-ერთ ოფიცერ ალექსანდრ ონიშენკოსთან ერთად დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური (ФСБ) ფარცხალაძეს და ონიშენკოს, „რუსეთის სასარგებლოდ, ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად იყენებდა“.
უსაფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე ამბობს, რომ როგორც 2013 წელს, მთავარი პროკურორის პოსტზე დანიშვნის შემდეგ, ისე თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, ფარცხალაძე მნიშვნელოვან გავლენას ინარჩუნებდა საქართველოს სახელმწიფო სტუქტურებზე.
მასთან შეთანხმებით ინიშნებოდნენ კადრები პროკურატურის და სასამართლო სისტემაში. შესაბამისად, სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაცია, რომ ფარცხალაძე რუსეთის ФСБ-ზე მუშაობდა, საქართველოს სპეცსამსახურების სრული ჩავარდნაა.
„აქ (ჩავარდნაში) ცალსახად არის კავშირი სამართალდამცავი სისტემის და სპეცსამსახურების პოლიტიზირებას შორის. ფარცხალაძეს (იგივე გოგაშვილს სუს-ში) არანაირი ბექგრაუნდი არ ჰქონდა, რომ ასეთი კარიერული წინსვლისთვის, მთავარი პროკურორის პოსტისთვის მიეღწია.
არავინ იცის და ვერც ვერასდროს შევაფასებთ, რა დონის სახელმწიფო საიდუმლოებაზე ჰქონდა ფარცხალაძეს წვდომა და ახლა ვის ხელშია მოხვედრილი ეს სახელმწიფო საიდუმლოება. ეს არის პირველ რიგში, იმ პირების პასუხისმგებლობა, ვინც შეამოწმა და შემდეგ წარადგინა ფარცხალაძე მთავარი პროკურორის პოსტზე. ეს არის ასევე „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობა“ – მიაჩნია გოცირიძეს.
ოთარ ფარცხალაძე მთავარი პროკურორი 37 წლის ასაკში, 2013 წლის ნოემბერში გახდა, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ერთი წლის მოსული იყო. ფარცხალაძით ახალმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა არჩილ კბილაშვილი ჩაანაცვლა. ფარცხალაძის კანდიდატურა მთავარი პროკურორის პოსტზე, ღარიბაშვილს დასამტკიცებლად, იუსტიციის მაშინდელმა მინისტრმა თეა წულუკიანმა წარუდგინა.
მას შემდეგ, რაც ფარცხალაძე ჯერ ყალბი დიპლომის, შემდეგ კი გერმანიაში ბოტასების ქურდობისა და ნასამართლეობის გამო, დიდ სკანდალში გაეხვა და 47 დღეში თანამდებობის დატოვება მოუხდა, წულუკიანა თქვა, რომ ფარცხალაძის კანდიდატურა ისე წარადგინა, რომ მას “საერთოდ არ იცნობდა”.
აშშ-ს მიერ ფარცხალაძის სანქცირების შემდეგ, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ კატეგორიულად უარყოფს, რომ ფარცხალაძეს ხელისუფლებაზე გავლენა დღემდე აქვს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კი „საკითხის შესწავლა“ დაიწყო.
„ფარცხალაძეს უკვე 10 წელია არანაირი კავშირი არ აქვს ხელისუფლებასთან. აქედან გამომდინარე ის, როგორც როგორც კერძო პირი, ხაზგასმულად ასე, არის მოხვედრილი ამ სანქციებში
„ფარცხალაძეს უკვე 10 წელია არანაირი კავშირი არ აქვს ხელისუფლებასთან. აქედან გამომდინარე ის, როგორც კერძო პირი, ხაზგასმულად ასე, არის მოხვედრილი ამ სანქციებში. ამავე დროს, რა თქმა უნდა, ის არის საქართველოს პირველი მოქალაქე, რომელიც სანქციებში მოხვდა რუსეთის კონტექსტში, ამიტომ რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი უწყებები ამ საკითხს შეისწავლიან“ – განაცხადა პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა.
ოთარ ფარცხალაძე, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” პერიოდში ფინანსურ პოლიციაში მუშაობდა, მთავარ პროკურორად დანიშვნის დროს, თბილისში, ერთ სამოთახიან ბინას ფლობდა.
მთავარი პროკურორის პოსტიდან წასვლის შემდეგ კი ფარცხალაძემ მილიონობით დოლარის ქონება შეიძინა, მათ შორის ბინები, მიწები და კომერციული ფართები თბილისში, ტაბახმელაში, წავკსიში, ბაკურიანში და ბათუმში, უჩვეულო დიზაინის ფეშენებელური ვილა წყნეთში, ძვირადღირებული ავტომობილები…
სიმდიდრის დაგროვების პარალელურად, ფარცხალაძე არაერთ სკანდალურ ისტორიაში გაეხვა: “ელ ცენტროში” აუდიტის სამსახურის უფროსის ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე იგი სასამართლომ გაამართლა; სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის სარდაფში ჩაყვანის და ცემის ფაქტი, თავად ყიფიანმა უარყო და საქმე ჩაიფარცხა.
ასევე გამოუძიებელი დარჩა, „ომეგა ჯგუფის” დამფუძნებლის, ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის ბრალდება, რომ ფარცხალაძე 4 მილიონ ლარს სძალავდა და ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით სარგებლოდა. ოქუაშვილი ახლა გაქცეულია.
თავად ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთ ადრეულ ინტერვიუში ფარცხალაძეს „ძალიან კაცური და ვაჟკაცი კაცი“ უწოდა, მოგვიანებით კი თქვა, რომ მისი შვილი ბერა ივანიშვილი ფარცხალაძის შვილიშვილის ნათლიაა.
2022 წლის ნოემბერში, ფარცხალაძე უკვე, როგორც რუსეთის მოქალაქე, რუსეთის იუსტიციის სამინისტროს რეესტრში ჩნდება. იგი რამდენიმე რუსული კომპანიის დამფუძნებელი და წილის მფლობელია. მათ შორის, Moscow Business Brokerage და International Business Corporation-ის, რომლებსაც სახელმწიფო დეპარტამენტმა, უკრაინის ომის კონტექსტში, „რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში ოპერირებისა ან საქმიანობისთვის“ სანქციები დაუწესა.
ფარცხალაძესთან ერთად რუსული კომპანია „საერთაშორისო ბიზნესს კორპორაციის“ დამფუძნებელია, ვიქტორია ბოკერია, საქართველოს ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეიზის“ ყოფილი დირექტორის და ლობისტის რომან ბოკერიას მეუღლე.
„დღეს უფრო მეტია სანქცირების შანსი, ვიდრე იქამდე იყო, ალბათობა, უფრო დაბალია, ვიდრე მაღალი, მაგრამ არსებობს. თუ, ათბალიან სისტემას ავიღებთ, ალბათ, 10-დან 3 არის იმის ალბათობა, რომ უშუალოდ ივანიშვილი დაასანქცირონ
როგორც რომან ბოკერია, ისე ოთარ ფარცხალაძე და რუსეთის დაზვერვის სამსახურის ოფიცერი ალექსანდრ ონიშენკო აქტიურად იყვნენ ჩართულნი, რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებებში, რომელიც ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენით დასრულდა.
ოთარ ფარცხალაძის სანქცირების შემდეგ, ოპოზიციაში კიდევ უფრო გაზრდილია მოლოდინი, რომ მომავალში, შეიძლება „ქართული ოცნების“ არაფორმალური ლიდერის ბიძინა ივანიშვილის სანქცირება მოხდეს.
„დღეს უფრო მეტია სანქცირების შანსები, ვიდრე იქამდე იყო, ალბათობა უფრო დაბალია, ვიდრე მაღალი, მაგრამ არსებობს.
თუ, ათბალიან სისტემას ავიღებთ, ალბათ, 10-დან 3 არის იმის ალბათობა, რომ უშუალოდ ივანიშვილი დაასანქცირონ ამ ეტაპზე, თუ კიდევ რაიმე სასწაული არ გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა გიორგი გობრონიძემ.
2023 წელს, ოთარ ფარცხალაძე რიგით მეხუთე საქართველოს მოქალაქეა, რომელიც აშშ-ის სანციებში მოჰყვა. სახელმწიფო დეპარტამენტმა 2023 წლის აპრილში, საქართველოს სასამართლო კლანის ლიდერებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს დაუწესა სანქციები.
სახელმწიფო დეპარტამენტმა ფარცხალაძეს რუს-ქართველი ოლიგარქი უწოდა, რუსეთის მოქალაქეობის მიღების მიუხედავად, საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, საქართველოს მოქალაქეობას ამ დრომდე ინარჩუნებს.