24 ოქტომბერს, საფონდო ბირჟის დახურვამდე, „ტესლას“ აქციების ღირებულება მკვეთრად, 12 პროცენტით გაიზარდა. ეს ავტომანქანების გაყიდვების ზრდის პროგნოზის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს მოხდა. ინვესტორები დაარწმუნეს, რომ კომპანიის ხელმძღვანელი ილონ მასკი ჯერ კიდევ გეგმავს წამყვანი ბიზნესის, ელექტრომობილების გაყიდვის გაფართოებას.
მსოფლიოს ყველაზე ღირებული ავტომწარმოებელი, ამ მოგების შენარჩუნების შემთხვევაში, თავის საბაზრო კაპიტალიზაციას 81 მილიარდი დოლარით გაზრდის და შეავსებს ბოლოდროინდელ ეროზიას, რომელიც დაფუძნებულია შეშფოთებაზე, რომ მასკის ყურადღება ახალ პროექტებზეა გადართული, როგორიცაა ცოტა ხნის წინ წარმოდგენილი „რობოტაქსი“.
მასკი „ტესლას“ ელექტრომობილების ბაზრის ლიდერიდან, ხელოვნური ინტელექტის და რობოტების კომპანიად გარდაქმნას ცდილობს, მაგრამ თავისი ახალი მიზნისთვის დეტალური ბიზნეს გეგმა ჯერჯერობით არ წარმოუდგენია.
გასულ კვარტალში მან კომპანიის სახელით თამამი განცხადებები გააკეთა ყველაფერზე, ავტომობილების გარდა – მძღოლის გარეშე თვითმართვადი ტაქსიდან ჰუმანოიდ რობოტებამდე. ამან ინვესტორების შეშფოთება გამოიწვია შემცირებადი მარჟის გამო, რომელიც ელექტრომობილებზე ფასების დაწევის გამო უკვე შეკუმშული იყო.
ხუთშაბათს მასკმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ მომავალ წელს, „ტესლას“ ავტომობილები მძღოლის გარეშე ტაქსი მომსახურების შეთავაზებას დაიწყებენ. მან თქვა, რომ კომპანია ამ ოპერაციების გამოცდებს სან-ფრანცისკოში თავისი თანამშრომლების მეშვეობით უკვე ატარებს, მაგრამ სავარაუდოდ, გეგმა მნიშვნელოვანი სარეგულაციო გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება.