
ევროპული უფლებადამცველი ორგანიზაციები – დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა მხარდამჭერი ორგანიზაციები – ევროკავშირის ლიდერებს მიმართავენ, ანტი-დემოკრატიული „აგენტების კანონის“ მიღების გამო, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების სანქცირება განიხილონ.
7 ივნისს გამოქვეყნებული წერილი, რომელსაც 21 ავტორიტეტული ორგანიზაცია აწერს ხელს, მიემართებათ:
- ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს,
- ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს,
- ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელს,
- ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას,
- ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის
- ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ადამიანის უფლებათა საკითხებში, ოლოფ სკუგს.
ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ ევროკომისიას, ევროსაბჭოს, ევროპარლამენტს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, განიხილონ მათ ხელთ არსებული საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტები – უპირველეს ყოვლისა, ადამიანის უფლებათა სანქციების რეჟიმი, – რათა საქართველოს ხელისუფლებაზე პოლიტიკური ზეწოლა განახორციელონ.
ევროკავშირის ადამიანის უფლებათა სანქციების რეჟიმი, რომელიც 2020 წლის 7 დეკემბერს მიიღო ევროკავშირმა, ალიანსს აძლევს შესაძლებლობას, მიზანში ამოიღოს ინდივიდები, ორგანიზაციები და სახელმწიფო უწყებები – როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო ფიგურებ, – რომლებიც პასუხისმგებელნი არიან, ან მონაწილებდნენ, ან დაკავშირებულნი არიან მსოფლიოს ამა თუ იმ წერტილში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე.
21 ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას კანონის „ყოველგვარი პირობის გარეშე“ გაწვევისკენ მოუწოდებენ.
ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:
- Article 19
- Association for Democracy Assistance and Human Rights
- Brot für die Welt
- Club de Madrid
- Danish Institute for Parties and Democracy
- Democracy Reporting International
- Eastern Partnership Civil Society Forum
- Elbarlement
- European Partnership for Democracy
- Free Press Unlimited
- Human Rights Without Frontiers
- ILGA-Europe
- International Federation for Human Rights – FIDH
- International Partnership for Human Rights
- International Planned Parenthood Federation European Network (IPPF EN)
- International Rehabilitation Council for Torture Victims
- Netherlands Helsinki Committee
- Political Parties of Finland for Democracy – Demo Finland
- Protection International
- The Netherlands Institute for Multiparty Democracy
- Westminster Foundation for Democracy.
საქართველოს მმართველმა გუნდმა 2024 წელს მეორედ შეიტანა პარლამენტში წინა წელს ჩაგდებული „აგენტების კანონი“, – სახელის მხოლოდ მცირედი ცვლილებით და იდენტური შინაარსით, – და სამი მოსმენით მიიღო.
უმრავლესობამ უკვე დაძლია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოც და, პროცედურის კვალდაკვალ, სამ ივნისს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა „აგენტების კანონს“.