
„ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცული თანამშრომლები, რომლებიც თითქმის ორი კვირაა შიმშილობენ, მზად არიან შეწყვიტონ პროტესტის ეს ფორმა, თუ კომპანია იმ დასაქმებულებს, რომლებიც არ გაფიცულან, აუნაზღაურებს აგვისტოში გაცდენილი სამუშაო დღეების ხელფასს. გუშინ გავრცელებულ მიმართვას კომპანიამ დღეს, 26 აგვისტოს უპასუხა.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ პატივს სცემენ ქართულ კანონმდებლობას, რომლითაც დაცულია გაფიცვის უფლება:
„ნებისმიერ კონკრეტულ პირთან დაკავშირებული საკითხი განიხილება ინდივიდუალურად და კანონისა და კომპანიის პროცედურების შესაბამისად… გვინდა გავიმეოროთ, რომ კომპანიის მიმდინარე შემცირება არის პროფკავშირის ქმედებების პირდაპირი შედეგი და ეს პროცესი, სამწუხაროდ, შეუქცევადია. მიმდინარეობს შეფასების პროცესიც, რომლის საფუძველზე გადავწყვეტთ, რა დამატებითი ცვლილებები იქნება საჭირო“.
„ევოლუშენის“ თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით 12 ივლისს გაიფიცნენ. ისინი ამბობდნენ, რომ პროტესტს 4000-ზე მეტი დასაქმებული უერთდებოდა. ათობით მოთხოვნას შორის ერთ-ერთი იყო იმ მენეჯერების გათავისუფლება, რომლებიც თანამშრომლების დაცინვაში იყვნენ შემჩნეული.
გაფიცვას წინ უსწრებდა 2 ივლისს „ევოლუშენ ჯორჯიას“ მენეჯერების ერთი ჯგუფის მიმოწერის გასაჯაროება ონლაინმედიაპლატფორმა „მაუწყებლის“ ფეისბუკგვერდზე. მიმოწერაში ისინი დასაქმებულებს კამერების საშუალებით აკვირდებიან და შეურაცხმყოფლად მოიხსენიებენ – დასცინიან დილერებს ფრჩხილის სიგრძის, ჩაცმულობის, წონისა თუ კანის ფერის გამო.
გაფიცვის 33-ე დღეს, „ევოლუშენ საქართველოს“ თანამშრომელთა ნაწილმა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო.