
აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნიუ-იორკის მანჰეტენის რაიონულ სასამართლოში მივიდა, სადაც, სავარაუდოდ, მას სისხლის სამართლის ბრალდებას წაუყენებენ ყოფილი პორნო-ვარკსვლავისთვის დუმილის სანაცვლოდ ფულის გადახდის საქმეზე.
ამის შესახებ, პირდაპირ ეთერში იუწყებიან ტელეკომპანიები სი-ენ-ენი და ბი-ბი-სი
სასამართლოში მისვლისთანავე, ტრამპი ოფიციალურად დააკავეს და ბრალის წაყენებამდე ფორმალურად დააპატიმრეს. დაკავების დროს ტრამპს ხელბორკილები არ დაადეს, რადგან ის უკვე ყოფილი პრეზიდენტის სტატუსით სამართალდამცავი ორგანოების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
ბრალდების გამოცხადებამდე, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის მომხრეები და მოწინააღმდეგეები წინა დღეს მანჰეტენზე სასამართლოსთან შეიკრიბნენ.
ტრამპისთვის ბრალდების წაყენების შესახებ ცნობა 30 მარტს გავრცელდა. გამოძიების ეპიზოდი ეხება 2016 წელს, პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის 130 ათასი დოლარის გადახდას, რის სანაცვლოდაც მას, სავარაუდოდ, არ უნდა გაემხილა, რომ 2006 წელს ტრამპთან ინტიმური ურთიერთობები ჰქონდა.
ტრამპმა, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას გეგმავს, მის წინააღმდეგ საქმის აღძვრას უწოდა პოლიტიკური დევნა და არჩევნებში უპრეცედენტო ჩარევა. გამოძიების თანახმად, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპის იურისტებმა სტორმი დენიელსს ტრამპთან რომანის საიდუმლოდ შენახვის სანაცვლოდ გადაუხადეს 130 ათასი დოლარი, რომელიც იურიდიულ მომსახურებად გაფორმდა. ეს ფაქტი 2018 წელს აღიარა ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა.
დენიელსი ტრამპთან რომანს ადასტურებს, ტრამპი კი, ამას უარყოფს. დონალდ ტრამპი აშშ-ის პირველი ყოფილი პრეზიდენტია, ვისაც სისხლის სამართლის საქმეზე ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ.