ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია აცხადებს, რომ დღეს მისმა შვილმა გონება ორჯერ დაკარგა, მის თვალწინ. გიული ალასანიამ მომხდარზე კლინიკა “ვივამედთან”, ჟურნალისტებთან ისაუბრა:
“ორჯერ დაკარგა გონება დღეს, შემოვიდნენ ბადრაგები, როგორც იქნა, ამ სიმაღლის ადამიანი ძლივს აიყვანეს, დავაწვინეთ. ამის შემდეგ ისევ განმეორდა, მე იქვე ვიდექი, ექთანი იდგა მეორე მხრიდან და ის მოვახერხე, რომ თავი დამეჭირა, იმიტომ რომ გაიშხლართა მთლიანად, გაშავდა აბსოლუტურად და დიდხანს იყო ასე უგონოდ”, – ჰყვება გიული ალასანია. იგი სააკაშვილის გულის წასვლის ეპიზოდებს მძიმე მეტალებით მოწამვლას უკავშირებს.
“ვივამედის” კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ზოგადი მდგომარეობა კვების რაციონის პრობლემასთან არის დაკავშირებული. იგი ოჯახს მიმართავს, მიუტანონ საკვების ის რაციონი, რასაც კლინიკა სთავაზობს და ისიც, რასაც პაციენტი ითხოვს.
“მისი [პაციენტის] გადმოცემით, დღის განმავლობაში ჰქონდა გონების კარგვა, მაშინვე გამოიძახეს მორიგე ექიმი. იმ დროისთვის პაციენტი გონებაზე იყო, მისი ფიზიოლოგიური პარამეტრები და არტერიული წნევის მაჩვენებლები ნორმის ფარგლებში იყო”, – ამბობს ჩხაიძე.
2022 წლის 12 მაისიდან მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადის მკურნალობის კურსს. ოჯახის წევრები, ადვოკატები და მისი მხარდამჭერები, ასევე სამედიცინო დარგის სპეციალისტები, მათ შორის უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ და სააპელაციო სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. ამის გამო ადვოკატებმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართეს.
დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.