დღეს დილით, კიევში ჩავიდა გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი. ის უკრაინის თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვს და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პისტორიუსის ვიზიტის მიზანია უკრაინისთვის გერმანიის მხარდაჭერის დადასტურება და შემდგომი სამხედრო დახმარების და უკრაინელი ჯარისკაცების მომზადების საკითხების განხილვა.
ეს კიევში ბორის პისტორიუსის მეორე ვიზიტია. გერმანიის თავდაცვის მინისტრი უკრაინაში იმყოფებოდა 2023 წლის თებერვალშიც.
20 ნოემბერს კიევს ეწვია აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი. მან უკრაინის ხელისუფლებას დაუდასტურა, რომ აშშ განაგრძობს უკრაინის გადაუდებელი საბრძოლო საჭიროებებისა და გრძელვადიანი თავდაცვის მხარდაჭერას.
კიევში ოსტინის და პისტორიუსის ვიზიტები წინასწარ გამოცხადებული არ ყოფილა
რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას აშშ-ის შემდეგ ყველაზე დიდ სამხედრო დახმარებას გერმანია უწევს. ამასთან, უკრაინის დასავლელ მოკავშირეებში იზრდება შეშფოთება „ომით დაღლის” თაობაზე. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია ჯერჯერობით ვერ ახერხებს კონგრესის დათანხმებას უკრაინის სამხედრო საჭიროებების დაფინანსების გასაგრძელებლად.
ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა უკრაინის მხარდასაჭერად კიდევ 61 მილიარდ დოლარზე მეტი. თეთრ სახლს წინააღმდეგობას უწევს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობაში მყოფი რესპუბლიკელების ნაწილი.
პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია 44,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.
აშშ ხელმძღვანელობს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად მოქმედ საკონტაქტო ჯგუფს, რომელიც 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს. ჯგუფის მომდევნო სხდომა 22 ნოემბერს გაიმართება.