მოქალაქეებისა და ორგანიზაციების შავ სიაში, რომლებთანაც აშშ-ის ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს ეკრძალება ბიზნესის კეთება, მოხვდა 50-ზე მეტი ბანკი, მათ შორის „გაზპრომბანკი“ თავისი შვილობილი სტრუქტურებით ჰონგ-კონგში, ლუქსემბურგში, შვეიცარიაში, სამხრეთ აფრიკასა და კვიპროსში.
„გაზპრომბანკი“ ბოლო დრომდე რუსეთის სახელმწიფოსა და ბიზნესისთვის რჩებოდა იშვიათ ღია ფანჯრად დანარჩენ სამყაროსთან ურთიერთობაში. ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში, რუსეთის შეიარაღებული ძალების უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ვლადიმირ პუტინმა გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც, რუსული გაზის მყიდველებმა „არამეგობრული“ ქვეყნებიდან ანგარიშსწორება უნდა მოახდინონ მხოლოდ რუბლებში და მხოლოდ „გაზპრომბანკის“ მეშვეობით. მას შემდეგ, რაც აშშ-მა სანქციები დაუწესა მოსკოვის ბირჟას, გადახდის სქემა ოდნავ შეიცვალა, მაგრამ „გაზპრომბანკი“ კვლავ დარჩა უფლებამოსილ ორგანიზაციად, რომელიც პასუხისმგებელია რუსული გაზის გაყიდვიდან მიღებული თანხის დამუშავებაზე. ეკონომისტების თქმით, სწორედ ამის გამო ბანკმა შეიძინა უნიკალური როლი რუსეთის სანქცირებულ ეკონომიკაში, რადგან ორი წლის განმავლობაში რჩებოდა ფაქტობრივად ერთადერთ სახელმწიფო საკრედიტო ინსტიტუტად, რომელსაც შეუძლო განეხორციელებინა სავალუტო გადარიცხვები როგორც რუსეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
რას შეცვლის სანქციები?
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ „გაზპრომბანკი“, სულ მცირე, დროებით მაინც, შეწყვეტს ფინანსურ ტრანზაქციებს და, შესაბამისად, ამის გამო შეფერხდება რუსული გაზის ექსპორტი.
OFAC გენერალური ლიცენზიის (N113) მიხედვით, ამერიკელმა კონტრაქტორებმა უნდა დაასრულონ „გაზპრომბანკთან“ ყველა ტრანზაქცია 2024 წლის 20 დეკემბრამდე – გამონაკლისია მხოლოდ პროექტ „სახალინ-2“-თან დაკავშირებული ტრანზაქციები, რომლებიც ნებადართულია 2025 წლის 28 ივნისამდე. ამასთან, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, არსებობს OFAC-ის კიდევ ერთი გენერალური ლიცენზია – ენერგოტრანზაქციების დაფინანსებისთვის, რომელიც გაიცემა ექვსი თვით სანქციების მექანიზმისგან გათავისუფლების უზრუნველსაყოფად და, რაც ნედლეულით ვაჭრობის საფასურის გადახდის საშუალებას იძლევა.
„დღეს ეს გამონაკლისი ვრცელდება 12 რუსულ იურიდიულ პირზე, მათ შორის, მსხვილ სახელმწიფო და კერძო ბანკებზე (სბერბანკი, VTB, ალფა-ბანკი, როსბანკი, სოვკომბანკი, ოტკრიტიე და ა.შ.) და ეს რეჟიმი მოქმედებს 2025 წლის აპრილის ბოლომდე, თუმცა „გაზპრომბანკი“ არ არის ამ სიაში“, – წერს რუსული გამოცემა „მედუზა“.
საერთაშორისო სანქციების ექსპერტმა ჯორჯ ვოლოშინმა, გამოცემა „როსბიზნესკონსტალტინგისათვის“ (РБК) მიცემულ კომენტარში, ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ „გაზპრომბანკის“ არჩართვა OFAC-ის ლიცენზიაში (ენერგოტრანზაქციების დასაფინანსებლად) „ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ ევროპული ქვეყნები ვეღარ შეძლებენ რუსული გაზის საფასურის გადახდას“.
ამავე დროს, როგორც ანტონ ნამენოვმა, კომპანია Pen & Paper-ის უფროსმა პარტნიორმა, РБК-ს უთხრა: „თუ ანგარიშსწორებები ხორციელდება არაამერიკელი პირების მიერ და არა ამერიკული დოლარით, მაშინ ასეთი ანგარიშსწორებები, სავარაუდოდ, შესაძლებელი იქნება“.
სერგეი ვაკულენკო, ბერლინში კარნეგისა და რუსეთის შემსწავლელი ცენტრის უფროსი თანამშრომელი, თავის ტელეგრამარხზე აღნიშნავს, რომ „სავარაუდოდ“, „გაზპრომბანკს“ „უბრალოდ ჩართავენ“ იმ ორგანიზაციების სიაში, რომლებზეც ვრცელდება ენერგეტიკული გარიგებების (ტრანზაქციების) დაფინანსების ლიცენზია. უარეს შემთხვევაში, „გაზპრომს“ შეუძლია აწარმოოს ანგარიშსწორება უკვე დაშვებული ბანკების მეშვეობით.
რა შუაშია აშშ, როცა რუსულ გაზს ძირითადად ევროპელები ყიდულობენ?
2024 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით (2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით) რუსეთმა გაზსადენით ევროპას მიაწოდა 15%-ზე მეტი, ანუ 26,5 მლრდ კუბ. მეტრამდე ბუნებრივი აირი. თუმცა ამ სფეროს მომავალი სულ უფრო და უფრო ბუნდოვანი ხდება: 2024 წლის ნოემბერში „გაზპრომმა“ შეწყვიტა ექსპორტი ავსტრიაში, რომელიც რუსული გიგანტის უძველესი ევროპელი პარტნიორია, ხოლო დეკემბერში უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შესახებ. დიდია იმის შანსი, რომ საექსპორტო ნაკადი კიდევ უფრო შემცირდება.
Bloomberg-ის ცნობით, 2019 წელს მოსკოვსა და კიევს შორის გაფორმებულ გაზის ტრანზიტის ხელშეკრულებას ვადა 2024 წლის ბოლოს ეწურება. უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ აღარ განაახლებს ხელშეკრულებას „გაზპრომთან“. ევროკავშირშიც აცხადებენ, რომ ისინიც არ არიან დაინტერესებული კონტრაქტის განახლებით.
2024 წლის ზაფხულში Bloomberg-მა გაარკვია, რომ ევროპული კომპანიები იკვლევენ აზერბაიჯანიდან გაზის შესყიდვისა და მიღების შესაძლებლობას რუსული მილსადენების გავლით.
ევროპა ასევე ახდენს რუსული თხევადი გაზის იმპორტს (ზღვით) და არ აწესებს სანქციებს ამ ნაწარმზე ისევე, როგორც ნავთობის შემთხვევაში. ამასთან, ევროკავშირი აცხადებს, რომ 2027 წლისთვის სრულად იტყვის უარს რუსულ გაზზე.
„არის ალტერნატიული მარშრუტები, მოგეხსენებათ, თურქეთში იგეგმება ჰაბის შექმნა, ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა. 2023 წლის სექტემბერში ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ „გაზპრომმა“ თურქულ კომპანია Botas-ს გადასცა „საგზაო რუკა“ გაზის ჰაბის მშენებლობისთვის. „ეს საჭიროა „ჩრდილოეთის ნაკადიდან“ რუსული გაზის ექსპორტის გადამისამართებისთვის“, – თქვა პუტინმა.
თუმცა, როგორც სპეციალისტები შენიშნავენ, სანქციების გამო გაზის კონტაქტების შემცირება სულაც არ არის მთავარი. უფრო მნიშვნელოვანია ამა თუ იმ ორგანიზაციის OFAC-ის შავ სიაში მოხვედრა: ამერიკელებისთვის ასეთ სტრუქტურებთან ურთიერთობის აკრძალვის გარდა, აშშ-ის ხელისუფლება, ფაქტობრივად, აწესებს შეზღუდვებს რუსული კომპანიების კონტრაგენტებთან და მესამე ქვეყნების კერძო პირებთან თანამშრომლობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ასევე მოხვდებიან მეორადი სანქციების ქვეშ. „სწორედ ამ შიშის გამოა, რომ ბევრი ევროპული ბანკი და კომპანია ასრულებს ამერიკულ შეზღუდვებს, მაშინაც კი, თუ მათი ბიზნესი პირდაპირ არ არის დაკავშირებული აშშ-ის იურისდიქციასთან“, – ამბობს იურისტი ანტონ ნამენოვი „როსბიზნესკონსალტინგთან“ საუბარში.
„ადგილობრივ ვალუტაში გადახდები უფრო დაბალი რისკის შემცველია, ვიდრე დოლარის ტრანზაქციები, მაგრამ რისკების სრულად თავიდან აცილება შეუძლებელია“, – წერს კიდევ ერთი რუსული გამოცემა „კომერსანტი“.
ამერიკის პარტნიორები და რუსული გაზი
უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ დასავლეთის ქვეყნებმა მნიშვნელოვნად შეამცირეს რუსული ნედლეულის წილი თავიანთ იმპორტში, მაგრამ, სპეციალისტების ვარაუდით, რუსულ გაზზე 100%-ით უარის თქმამ შეიძლება გამოიწვიოს ბაზრისთვის ახალი შოკი და ნახშირწყალბადების ფასების მკვეთრი ზრდა. ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი ზამთრის მოახლოებასთან ერთად იზრდება: ნოემბრის დასაწყისიდან საბაზისო ფიუჩერსების ფასები უკვე გაიზარდა 20%-ით, 25 ნოემბერს კი ფასმა ერთბაშად თითქმის 4%-ით მოიმატა. სააგენტო Bloomberg-ი ამგვარი დინამიკის ერთ-ერთ მიზეზად პირდაპირ ასახელებს „გაზპრომბანკის“ წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.
ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა არ იცის, გაუქმდება თუ არა „გაზპრომბანკის“ მეშვეობით გაზის საფასურის გადახდის არსებული მექანიზმი. ექსპერტები ფიქრობენ, რომ თუ „გაზპრომბანკი“ არ მიიღებს ლიცენზიას ენერგოტრანზაქციების გასაგრძელებლად, „გაზპრომი“, ანგარიშსწორებისთვის, მოძებნის სხვა აგენტს OFAC-ის მიერ ლიცენზირებულ ბანკთა შორის (ასეთია ყველა რუსული გიგანტი ბანკი, მათ შორის – სბერბანკი) და, შესაძლოა, კიდევ უფრო აქტიურად დაიწყებს ვაჭრობას დოლარისა და ევროს ალტერნატიულ ვალუტაში.
თუმცა, როგორც ეკონომისტები ამბობენ, „გაზპრომბანკისათვის“ სანქციების დაწესება მხოლოდ გაზის ვაჭრობაზე არ იქონიებს გავლენას.
როგორც კარნეგის ბერლინის ცენტრის თანამშრომელი სერგეი ვაკულენკო შენიშნავს, 21 ნოემბრამდე „გაზპრომბანკი“ რჩებოდა ერთ-ერთად იმ რამდენიმე მსხვილ რუსულ ბანკს შორის, რომლებზეც არ ვრცელდებოდა OFAC-ის სანქციები და ამის გამო ის იყო რუსეთის ეკონომიკისათვის ანგარიშსწორების მნიშვნელოვანი „კარიბჭე“. კერძოდ, ბოლო დრომდე ბანკი გასცემდა ჩინური გადახდის სისტემის UnionPay-ის პლასტიკურ ბარათებს. სანქციების დაწესების შემდეგ ეს პროექტი მყისიერად შეჩერდა, აქამდე გაცემულმა ბარათებმა კი შეწყვიტეს მოქმედება სულ მცირე ცხრა ქვეყანაში, მათ შორის – ჩინეთში, თურქეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კატარსა და გერმანიაში. როგორც ფინანსისტები ამბობენ, ტრანსსასაზღვრო გადახდების ინსტრუმენტების შეზღუდული სპექტრის გათვალისწინებით, ფულის საზღვარგარეთ გადარიცხვის საშუალების ყოველი შემდგომი გაქრობა მგრძნობიარე დარტყმაა რუსეთის მოქალაქეებისა და კომპანიებისთვის.
თუმცა, ცხადია, რუსეთის ყველა მოქალაქეს არ აქვს UnionPay-ის პლასტიკური ბარათები. ამის მიუხედავად, „გაზპრომბანკის“ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გავლენას მოახდენს რუსეთის მთელი მოსახლეობის ყოფაზე. გრძელვადიანი რისკების გარდა (ყველაფრის მიუხედავად, გაზი კვლავინდებურად რჩება რუსეთის ბიუჯეტის შევსების მნიშვნელოვან წყაროდ და, შესაბამისად, მთელი რუსეთის ეკონომიკის სტაბილურობის ფაქტორად), „გაზპრომბანკისთვის“ დაწესებულ სანქციებს ასევე აქვს მყისიერი ეფექტი რუბლზე გაზრდილი წნეხის სახით.
25 ნოემბერს დოლარის ოფიციალურმა კურსმა (რუსეთის ცენტრალური ბანკის მიხედვით) 2022 წლის მარტის შემდეგ პირველად გადააჭარბა 103 რუბლს. რუსული მედიის ცნობით კი, ფორექსის საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე დოლარის კურსი 105,2 რუბლამდე გაიზარდა. ამერიკულმა ვალუტამ ამ დონეს 2022 წლის შემდეგ პირველად მიაღწია. რუსულ რუბლთან მიმართებით ასევე გაიზარდა ევრო და იუანი, შესაბამისად, 110,6 და 14,5 რუბლამდე.
Reuters-ის მიერ გამოკითხული ეკონომისტების ვარაუდით, OFAC-ის მიერ „გაზპრომბანკის“ მიმართ დაწესებული შეზღუდვები რუსული ვალუტის ამჟამინდელი დევალვაციის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.
2024 წლის ოქტომბერში ცენტრალურმა ბანკმა საკვანძო (რეფინანსირების) განაკვეთი 21%-მდე ასწია, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ეკონომისტების განმარტებით, განაკვეთის აწევა აძვირებს კრედიტებს ეკონომიკისა და მოსახლეობისთვის და ამცირებს ეკონომიკურ ზრდას, რასაც, თავის მხრივ, ინფლაციის შემცირება უნდა მოჰყვეს.
2024 წლის ნოემბრის დასაწყისში რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარემ ელვირა ნაბიულინამ აღიარა, რომ მაღალი ინფლაციის გამო რუსეთის ბანკი იძულებული იყო გადასულიყო მკაცრ მონეტარულ პოლიტიკაზე და, რომ ეს ახალი ვითარებაა რუსეთის ეკონომიკისთვის.