მისი თქმით, ორბანის პოზიცია განსხვავდება ევროკავშირის პოზიციისგან მაშინ, როდესაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნები “თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად” არ გამოუცხადებიათ.
“ეს [ვიქტორ ორბანის ვიზიტი თბილისში] ხდება მხოლოდ ორმხირივი ურთიერთობების ფარგლებში, საქართველოსა და უნგრეთს შორის. როგორც თქვენთვის ცნობილია, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არ უკრძალავს წევრ სახელმწიფოებს, ჰქონდეთ საკუთარი საგარეო პოლიტიკა. მე არაერთხელ მინახავს, რომ წევრ სახელმწიფოებს აქვთ განსხვავებული მიდგომები ერთი და იგივე საკითხის მიმართ.
ევროკავშირის პოზიცია ცხადად გამოვხატე, კომისართან ერთად… რეალობა ის არის, რომ ბატონ ორბანს აქვს განსხვავებული ხედვა, თუმცა დამკვირვებლებს არ უთქვამთ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო. ჩვეულებრივ, როდესაც დამკვირვებლებს ამის სჯერათ, ისინი ამობობენ კიდეც ამას. მათ არც ამის საწინააღმდეგო უთქვამთ, მაგრამ არც ის, რომ თავისუფალი და სამართლიანი იყო [არჩევნები]”, – აღნიშნა ბორელმა პრესკონფერენციაზე.
მისივე განცხადებით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დროს და წინა დღეებში დააფიქსირეს დარღვევების “მთელი სია”, რაც მისი შეფასებით განხილვასა და ანალიზსს მოითხოვს.
“აქ არის მთელი სია დარღვევებისა, რაც მოითხოვს, ანალიზსს, განხილვას და ჩვენ ველით, რომ საქართველოს უწყებები, რომლებსაც ევალებათ საარჩევნო პროცესის მართვა, ამას შეასრულებენ გამჭვირვალედ. ჩვენ ველით, რომ ცესკო და შესაბამისი ორგანოები გამჭვირვალედ გამოიძიებენ ამ დარღვევებს, რაც ანგარიშებშია. მათ უნდა წაიკითხონ ეს ანგარიშები, სადაც არის გრძელი სია ამ დარღვევებისა, რაც არ იყო კარგი. ეს ეხება არამხოლოდ კენჭისყრის დღეს, არამედ, წინა დღეებსაც”, – თქვა მან.
28 ოქტომბერს, საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვია უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი. ის საქართველოში ჩამოვიდა სამთავრობო დელეგაციასთან ერთად.
ვიქტორ ორბანი ერთ-ერთი პირველი ლიდერი იყო, ვინც “ქართულ ოცნებას” გამარჯვება ტელეკომპანია „იმედის“ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ მიულოცა. მან ამის შესახებ განცხადება პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა ხმების 53,93%-ით. არცერთი მსხვილი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს შედეგებს და გაყალბებაზე საუბრობს.
- არჩევნების წინასწარ შედეგებს არ აღიარებს “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა”.
- კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერების განცხადებით, ისინი არ აპირებენ არჩევნების გამოცხადებულ შედეგებთან შეგუებას.
- “კოალიცია ცვლილებებისთვის” უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე და არჩევნების შედეგებს “გაყალბებულად და არალეგიტიმურად” მიიჩნევს.
- პარტია “გახარია საქართველოსთვის” აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს პირდაპირი გავლენა ჰქონდა შედეგებზე.
არჩევნების შედეგებს არ აღიარებს არც საქართველოს პრეზიდენტი და საზოგადოებას მოუწოდებს, 28 ოქტომბერს პარლამენტთან შეკრებით დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია არალეგიტიმურ არჩევნებთან დაკავშირებით. სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებაზე ოპოზიციის ლიდერებთან ერთად მივა.