„მოლაპარაკება არ არის დამთავრებული, ჩვენ ავიღეთ პაუზა“, – უთხრა ჟურნალისტებს შეხვედრიდან გამოსულმა მამუკა ხაზარაძემ; ხოლო გიორგი გახარიას თქმით, „მამუკა ხაზარაძემ ერთი დღე ითხოვა“, სავარაუდოდ – კოალიციასთან მოსალაპარაკებლად. თუმცა მათ გამოხატეს მზაობა, რომ გადააბიჯებენ წარსულის მწვავე დაპირისპირებას.
ამჟამად მამუკა ხაზარაძე წარმოადგენს კოალიციას – „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, რომელშიც ოთხი პოლიტიკური სუბიექტია; ხოლო გიორგი გახარიას პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ამ ეტაპამდე დამოუკიდებლად მოქმედებს.
თუკი გაერთიანება შედგება, ექსპერტები მას მნიშვნელოვან წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. „ქართული ოცნება“ კი ჯერ არშემდგარ გაერთიანებას უპირისპირდება.
შეხვედრის შედეგები
პრეზიდენტის სასახლიდან გამოსულმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ილაპარაკეს როგორც წარსულზე, ასევე მომავალზე და შეთანხმდნენ, რომ გააკეთებენ ყველაფერს ხელისუფლების შესაცვლელად და ქვეყნის ევროპული განვითარების გზაზე დასაბრუნებლად.
„ქვეყანა არის გზაგასაყარზე, ჩვენს ქვეყანას ემუქრება დიდი საშიშროება, ეს არის – ან რუსული არჩევანი, ან ჩვენი თავისუფლების ევროპული არჩევანი. აქედან გამომდინარე, მიუხედავად ბევრ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობისა, შევთანხმდით ერთ რამეზე, რომ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ გავაკეთოთ სრული მობილიზაცია და “ქართული ოცნება”, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გავუშვათ ხელისუფლებიდან და ძალიან სწრაფად ქვეყანა დავაყენოთ ევროპული განვითარების გზაზე“, – მამუკა ხაზარაძემ შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ზურაბიშვილს და გიორგი გახარიას.
მნიშვნელოვან განხილულ საკითხებს შორის ხაზარაძემ დაასახელა ანაკლიის პორტის მშენებლობა, რომ „ანაკლია აუცილებლად უნდა აშენდეს ევროპული და ამერიკული ინვესტიციებით“ და, „რა თქმა უნდა, ჩინელებიც შეიძლება იყვნენ ამ პროექტში“.
„როგორც იქნა, ეს საუბარი შედგა“, – ეს უკვე გიორგი გახარიას სიტყვებია. ისიც მადლობას უხდის როგორც მამუკა ხაზარაძეს, ასევე სალომე ზურაბიშვილს. ამბობს, რომ შეხვედრაზე პრეზიდენტის შეთავაზების გამო მივიდა და არ ჰქონდა „უარის თქმის უფლება“.
„ჩემი პოზიცია დაფიქსირებულია, ის არის მკაფიო და ნათელი, რომელიც ითვალისწინებს, პირველ რიგში, ქალბატონი პრეზიდენტის ძალისხმევას იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ისეთი არჩევნები, რომელიც საქართველოს დააბრუნებს ნორმალური, დემოკრატიული, ევროპული განვითარების გზაზე.
მე და ჩემი გუნდი ყოველთვის, ყოველდღე სახელმწიფოს ინტერესებს ყოველთვის ვაყენებდით პარტიულ ინტერესებზე მაღლა, რასაც ვაკეთებთ დღესაც, ამიტომ ჩვენ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ, ხაზარაძემ ითხოვა კიდევ ერთი დღე“, – უთხრა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს.
გახარია ამბობს, რომ მის გუნდს დღეს 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა არა აქვს – „რეიტინგი ორნიშნა და მზარდია“, ხოლო მომავალი არჩევნები სიურპრიზი იქნება პირველ რიგში „ქართული ოცნებისთვის“, რადგან „ყველა სერიოზული კვლევით, “ოცნების” საშუალო შეწონილი მხარდაჭერა არის დაახლოებით 600 ათასი ხმა“ და „2 მილიონი ამომრჩევლის გამოცხადების პირობებში, ეს არის მაქსიმუმ 30%“.
ყველას აინტერესებდა – შეუერთდება თუ არა გახარიას გუნდი პრეზიდენტის „ქართულ ქარტიას“, რომელსაც მანამდე ხელი არ მოაწერა.
„კიდევ ერთხელ დავუდასტურე ქალბატონ პრეზიდენტს, რომ მხარს ვუჭერთ ქარტიის დღის წესრიგს… ქვეყანას და სახელმწიფოს თუ დასჭირდა, ქარტიასაც მოვაწერთ ხელს, არ იქნება ეს პრობლემა, უბრალოდ დღეს, ამ ეტაპზე ჩვენ ამის აუცილებლობას ვერ ვხედავთ“, – ასეთია გახარიას პასუხი.
პრეზიდენტის ქარტია ოპოზიციურ პარტიებს ევროპული იდეის ქოლგის ქვეშ აერთიანებს და, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში – ითვალისწინებს სწრაფი რეფორმების გატარებას ათზე მეტი მიმართულებით, რის შემდეგაც, პრეზიდენტის გეგმით, ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს. ქარტიას ხელს აწერს 20-მდე პოლიტიკური პარტია და დამოუკიდებელი პოლიტიკოსები. „ლელო“ ხელმომწერთა შორის არის.
ორბელიანების სასახლეში მისვლამდე, გახარიამ და ხაზარაძემ პირისპირ შეხვედრა გამართეს.
გაერთიანების ინიციატივა პრეზიდენტს ეკუთვნის
მოვლენები ასე განვითარდა:
- პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ ძალებს გაერთიანება 16 სექტემბერს ჩატარებულ ბრიფინგზე ურჩია;
- ხაზარაძემ მოლაპარაკებებისთვის მზაობა გამოხატა და თქვა, რომ გახარიას მიმართ პირადი წყენა არა აქვს;
- ასევე ხაზარაძის მოთხოვნა იყო, რომ პრეზიდენტთან შეხვედრამდე პირადად შეხვედროდა გახარიას – ძირითად საკითხებზე სასაუბროდ;
- გახარია ხაზარაძის ამ სურვილს დაეთანხმა.
პრეზიდენტს პოლიტიკოსები სასახლეში თავდაპირველად 15:00 საათისთვის ჰყავდა მიწვეული, თუმცა ხაზარაძე-გახარიას შეხვედრის გამო – პრეზიდენტთან აუდიენცია 18:00 საათისთვის გადაიდო.
სალომე ზურაბიშვილმა 16 სექტემბერს განმარტა, რომ – ინიციატივა ამომრჩევლის დაკვეთით არის ნაკარნახები.
კერძოდ, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ:
- ინიციატივის მიზანია ოპოზიციური ამომრჩევლისთვის არჩევანის გამარტივება.
- ეს იქნება „მესამე ცენტრი, რომელსაც ელოდება გადაუწყვეტელი ამომრჩეველი“.
- მას „უნარი აქვს, გააჩინოს საზოგადოებაში სრული მობილიზაციისთვის საჭირო მუხტი“.
- ძალების გაერთიანება „დაარწმუნებს ამომრჩეველს, რომ შეუძლიათ პოლიტიკურ პარტიებს ქვეყნის გადარჩენის გულისთვის ბევრი რამ დათმონ და უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშონ ევროპული მომავლის გადარჩენაში, რასაც არავინ დაუვიწყებს მათ“.
„საქართველოს ისტორიის გარდამტეხი არჩევნების დღე გვიახლოვდება და ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა მიიღონ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მიმავალს და ამას ყოველდღიურად ვხედავთ უფრო და უფრო ნათლად. ეს არჩევანი განსაზღვრავს იმას – იქნება თუ არა ჩვენი მომავალი ევროპა, თუ ვიქნებით რუსეთის გავლენის ქვეშ – რისკენაც გვიბიძგებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.
„ნებისმიერი გადაწყვეტილება ახალი პარტნიორის დამატებაზე კოალიციაში „ძლიერი საქართველო“ მიიღება ერთობლივად ოთხივე წევრის მიერ“, – წერია განცხადებაში, რომელიც „ლელოს“ კოალიციაში შემავალმა „თავისუფლების მოედანმა“ 16 სექტემბერს, პოლიტიკური გაერთიანების შექმნასთან დაკავშირებული დისკუსიის ფონზე გამოაქვეყნა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო ტაქტიკის საკითხები, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის ფასეულობები და პრინციპები, რომელთა დასაცავადაც უაღრესად რთულ დროს გადავწყვიტეთ პოლიტიკური საქმიანობის დაწყება“, – ტექსტში არ არის ნახსენები „გახარია საქართველოსთვის“.
მანამდე იყო წარუმატებელი მცდელობა
ზაფხულის დასაწყისში, გიორგი გახარიამ მედიასთან თქვა, რომ „ლელოს“ იდეოლოგიურად ყველაზე ახლოს მდგომ ძალად განიხილავს და თანამშრომლობისთვისაც მზად არიან. თუმცა „ლელოში“ მაშინ შემხვედრი თანამშრომლობის პერსპექტივაზე არ ლაპარაკობდნენ.
ხაზარაძე ამბობდა, რომ თანამშრომლობაზე დალაპარაკებამდე გახარიას ჯერ მისი კითხვებისთვის უნდა ეპასუხა და მათ შორის – „გაუკეთებს თუ არა გახარია “ქართულ ოცნებას” კოალიციას?“
გახარიამ მას შემდეგ არაერთხელ გაიმეორა, რომ კოალიციას არც „ქართულ ოცნებასთან“ შეკრავს და არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ხოლო 17 სექტემბერს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრის შემდეგ დააკონკრეტა:
„ამ საარჩევნო ციკლში ბიძინა ივანიშვილს არ შევაკვრევინებთ [კოალიციას] და მას არ დავტოვებთ მთავრობაში, ისევე, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” მთავრობა ამ ქვეყანაში არ იქნება და მას ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ“.
მამუკა ხაზარაძის მიერ გიორგი გახარიასთვის მანამდე დასმული სხვა შეკითხვები ასევე უკავშირდებოდა: ანაკლიის ჩაშლილ პროექტს, „გავრილოვის ღამეს“ და მუქარის წერილს.
მამუკა ხაზარაძემ 17 სექტემბერს თქვა, რომ არსებული სადავო საკითხები „უნდა იქნას გარკვეული დამოუკიდებელი პროკურატურის და სასამართლოს პირობებში“.
„ლელოს“ დამფუძნებელი აცხადებდა, რომ შს მინისტრობის დროს, გიორგი გახარიამ მას „მუქარის წერილი“ მისწერა, რასაც თავად გახარია უარყოფს.
17 ივლისიდან პარტია „ლელო“ მარტო აღარ არის.
თბილისში, ევროპის მოედანზე გამართულ პრეზენტაციაზე გაირკვა, რომ „ლელოსთან“ ერთად იბრძოლებენ ახლად შექმნილი მოძრაობა – „თავისუფლების მოედანი“ და ანა დოლიძის „ხალხისთვის“; ხოლო აგვისტოში მათ ალექსანდრე ელისაშვილის „მოქალაქეები“ შეუერთდა.
მანამდე, წარუმატებლად დასრულდა „ლელოს“ მოლაპარაკებები პარტიებთან „ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“.
გიორგი გახარია და მისი გუნდის წარმომადგენლები მუდმივად აცხადებდნენ, რომ არჩევნებზე დამოუკიდებლად აპირებენ გასვლას.
რა ძალა ექნება გაერთიანებას
გახარიასა და ხაზარაძის პოლიტიკური გუნდების გაერთიანების შემთხვევაში – ექსპერტების ნაწილი მნიშვნელოვანი, კონკურენტუნარიანი პოლიტიკური ცენტრის შექმნას პროგნოზირებს.
კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ძაბირაძემ ჯერ კიდევ თვეების წინ უთხრა რადიო თავისუფლებას, რომ ძალიან წარმატებული მიზიდულობის ცენტრი შეიქმნებოდა, თუკი ძალებს გააერთიანებდნენ: „ლელო“, „გახარია საქართველოსთვის“, ანა დოლიძის „ხალხისთვის“ და ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები“.
ამ შემადგენლობას ახლა მხოლოდ გახარიას გუნდი აკლია.
„როგორც „ლელოს“, ასევე გახარიას გუნდის ამომრჩეველი არის მესამე კატეგორიის ამომრჩეველი, რომელსაც არც „ქართული ოცნება“ უნდა და არც „ნაციონალური მოძრაობა“ – ამიტომ ეს პოლიტიკური ძალები ახლა ერთმანეთთან კონკურენციაში არიან.
მიუხედავად იმისა, რომ მათ [ორ პოლიტიკურ ჯგუფს] ცალ-ცალკე 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა არა აქვს, ამომრჩევლის თვალში ამ ეტაპზე ვერცერთი ვერ წარმოადგენს იმ ძალას, რომელიც ეიმედება ამომრჩეველს და ამიტომაც ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ, რომ ეს გაერთიანება უნდა შედგეს“, – უთხრა ვახტანგ ძაბირაძემ რადიო თავისუფლებას. მისი შეფასებით, ამ ცენტრს შესაძლებლობა ექნება მიიზიდოს გადაუწყვეტელი ამომრჩევლები, რადგან ეს კატეგორია „ელოდება ძლიერ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც არჩევნებში გაიმარჯვებს“.
როგორც კი ასეთი ცენტრი შეიქმნება, ძაბირაძის პროგნოზით:
- “მინიმუმ – ოპოზიციაში დაიკავებს პირველ ადგილს”;
- “და თუ სწორად გააკეთებენ ყველაფერს – ექნებათ შანსი, რომ „ქართულ ოცნებასაც“ კი გაუწიონ კონკურენცია არჩევნებში პირველი ადგილისთვის”.
“თუ მართლა ქვეყნისთვის ფიქრობენ, მაშინ ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას. ალტერნატივა ამ ნაბიჯს უბრალოდ არა აქვს“, – ვახტანგ ძაბირაძე არ გამორიცხავს, რომ – გაერთიანების შედეგად ამ ორი პოლიტიკური ჯგუფის ამომრჩევლების ნაწილი უკმაყოფილო დარჩეს, მაგრამ „ბევრად მეტს მიიზიდავენ, ვიდრე დაკარგავენ“.
„სალომე-ხაზარაძე-გახარიას ტრიუმვირატი იმთავითვე კრეფს ორნიშნა რეიტინგს და დიდი შანსია საერთოდ ლიდერი ოპოზიციური გაერთიანება აღმოჩნდეს“, – წერს „ქართული ოცნების“ კოალიციის ყოფილი წევრი, ყოფილი პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი ფეისბუკპოსტში და იქვე ასახელებს „სახელისუფლო პროპაგანდის ორ მთავარ თეზისს“, რომელთა დანგრევაც ამ გაერთიანებას შეუძლია:
„ესენია “აბა ომი გინდათ?” და “აბა ნაცები გინდათ?”. პრინციპში ოპოზიციის ომის პარტიად წარმოჩენაც ეფუძნება იმ შიშს, რომ თუ ბიძინა არ იქნა, მოვა მიშა, გააღიზიანებს პუტინს და ის თავს დაგვესხმება. მიშა რომ ომის დამწყებია, ამის დაჯერება ქოც და მოქოცო ამომრჩეველს მარტივად შეუძლია, მაგრამ, გახარია დაიწყებს ომს ან ხაზარაძე იქნება ომის გამჩაღებელიო, ეს რამდენიც არ უნდა იძახოს ხელისუფლებამ მაინც არავინ დაიჯერებს, ისევე როგორც მათ ნაცობას“.
სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილის შეფასებით, მამუკა ხაზარაძის კოალიციისა და გიორგი გახარიას პარტიის გაერთიანების შემთხვევაში – შედეგი მათი რეიტინგების ჯამზე ნაკლები ნამდვილად არ იქნება, სინერგიასაც მოიტანს და მიმზიდველი იქნება გადაუწყვეტელი ამომრჩევლებისთვის, რომელთა მაჩვენებელიც, სხვადასხვა კვლევით, 20-30%-ს შეადგენს.
„ქართული ოცნება“ გაერთიანების წინააღმდეგ
„ქართულმა ოცნებამ“ ამ შესაძლო გაერთიანებას ბრძოლა ჯერ კიდევ მაშინ გამოუცხადა, როცა გაერთიანების მხოლოდ ვარაუდები არსებობდა. ივნისში ეს თემა პროსახელისუფლებო მედიის საგანგებო ინტერესებში მოექცა.
მმართველი პარტიის წარმომადგენლები, ერთმანეთის მიყოლებით იხსენებდნენ – ხაზარაძესა და გახარიას შორის წარსულში არსებულ უთანხმოებას და გაცვლილ ეპითეტებს – „თვალთხარია“, „თაღლითი“.
გიორგი გახარიამ 17 სექტემბერს თქვა, რომ დაპირისპირების დროს ბევრნაირი მიმართვა ახსოვს, მაგრამ “თაღლითი” ხაზარაძისთვის არასოდეს უწოდებია, რადგან ამ სიტყვას არ იყენებს.
ეპითეტები წარსულიდან ამ დღეებშიც გაიხსენეს. 17 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხაზარაძე-გახარიას შესაძლო გაერთიანება დაბალი რეიტინგის შიშითა და გარედან დაკვეთით ახსნა.
„ხაზარაძისა და გახარიას გაერთიანებას, ამას აქვს ერთადერთი მიზეზი, რომ ორივე პარტიას უჭირს ბარიერის გადალახვა – გახარიას პარტიას საერთოდ არავითარი შანსი არ აქვს, „ლელო“ არის ახლოს საარჩევნო ბარიერთან, მაგრამ „ლელოც“ არის რისკის ქვეშ. ეს არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ვიღაცამ გარედან შეიძლება ერთმანეთს გაუერთიანოს ორი პოლიტიკოსი, რომელიც ერთმანეთს უწოდებდა, შეგახსენებთ, „თაღლითს“ და „თვალთხარიას”, – უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს.
პრემიერი კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა პრეზიდენტ ზურაბიშვილსაც და თქვა, რომ როცა აპოლიტიკური პრეზიდენტი „პირდაპირ არის ჩართული წინასაარჩევნო აგიტაციაში, ესეც არის კონსტიტუციის დარღვევა“, ხოლო საერთაშორისო მეთვალყურეები ამ ფაქტზე თვალს ხუჭავენ.
„ქართული ოცნების“ ყოფილ პრემიერ-მინისტრს – გიორგი გახარიას მისი ყოფილი თანაგუნდელები – და მათ შორის – თავად ბიძინა ივანიშვილიც – ხშირად მოღალატედ მოიხსენიებენ.
ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევით, პარტიას „გახარია – საქართველოსთვის“ – 10.6%-იანი მაჩვენებელი აქვს; ხოლო “ძლიერი საქართველოს” [ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები] რეიტინგი – 9.8%-ს შეადგენს.
ამევე კვლევით: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ [ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო] მაჩვენებელია – 19.2%; “კოალიცია ცვლილებებისთვის” [გვარამია მელია გირჩი დროა] – 9.1%; ხოლო „ქართული ოცნების“ – 34%.
ამ ეტაპზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დარეგისტრირებულია 27 პოლიტიკური სუბიექტი. რეგისტრაციის პროცესი დასრულებულია.