
აშშ “ღრმად შეშფოთებულია” ისრაელის პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონით, რომელიც კრძალავს UNRWA-ს – ანუ გაეროს მთავარ სააგენტოს, რომელიც დახმარებას აწვდის ღაზის სექტორსა და ახლო აღმოსავლეთის სხვა არეალებში, მათ შორის ისრაელში მყოფ პალესტინელებს.
კანონით UNRWA-ს ეკრძალება ისრაელში ნებისმიერი ფორმის მოქმედება, ასევე იკრძალება ნებისმიერი კონტაქტი ისრაელის ხელისუფლებასა და გაეროს ამ ჯგუფს შორის – რის პასუხადაც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, მეთიუ მილერმა თქვა, რომ ვაშინგტონმა მკაფიოდ გამოხატა თავისი შეშფოთება და წინააღმდეგობა ამ კანონის მიმართ.
“ღრმად შეშფოთებული ვართ ამ კანონით. ამან, შესაძლოა, ბოლო მოუღოს UNRWA-ის მუშაობას დასავლეთის სანაპიროზე, ღაზაში და აღმოსავლეთ იერუსალიმში” – თქვა მილერმა 29 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე. “ეს საფრთხეს უქმნის მილიონობით პალესტინელს, რომლებიც UNRWA-ს ეყრდნობიან აუცილებელი სერვისებისთვის, მათ შორის ჯანდაცვის, და დაწყებითი და შუა კლასების განათლებისთვის”.
კანონი ისრაელის პარლამენტმა 28 ოქტომბერს დაამტკიცა და ის ძალაში 90 დღეში შევა.
ღაზაში მცხოვრებ პალესტინელებზე მძიმედ აისახა ომი ისრაელსა და ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰამასს შორის – რომელსაც აშშ და ევროკავშირი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ.
ომს ბიძგი მისცა 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის მებრძოლთა თავდასხმამ ისრაელზე, რის შედეგადაც 1200-მდე ადამიანი იქნა მოკლული, ღაზის სექტორში ტყვედ წაიყვანეს 251-მდე ადამიანი.
ისრაელის საპასუხო შეტევამ ღაზა გააჩანაგა, მოკლულ იქნა 40 000-ზე მეტი ადამიანი – ჰამასის მიერ მართული ჯანდაცვის უწყების ცნობით. UNRWA ბევრჯერ გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ომის შედეგად ღაზა ჰუმანიტარული კრიზისის ზღვარზეა.
ისრაელის პარლამენტარებმა UNRWA აკრძალეს – ისინი აცხადებენ, რომ სააგენტოში ჰამასის წარმომადგენლებმა შეაღწიეს და რომ UNRWA-ის თანამშრომელთა ნაწილი 7 ოქტომბერს თავდასხმაში იყო ჩართული.
გაერომ აგვისტოში განაცხადა, რომ გაათავისუფლა UNRWA-სთვის მომუშავე ცხრა პირი, მათი შესაძლო კავშირისთვის ისრაელის წინააღმდეგ გასული წლის 7 ოქტომბერს განხორციელებულ თავდასხმასთან.
დამტკიცებული კანონით, UNRWA-ის ჰუმანიტარული მუშაობა ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება ღაზაში და ისრაელის მიერ ოკუპირებულ დასავლეთის სანაპიროზე.