
შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 325 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა. ამის თაობაზე თავდაცვის სამინისტროს ვებსაიტი იტყობინება. ეს არის უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების მე-40 პაკეტი.
ახალ პაკეტში შედის:
- დამატებითი საბრძოლო მასალა NASAMS-ის მობილური საზენიტო სარაკეტო სისტემებისთვის;
- საზენიტო სისტემები Stinger-ი;
- დამატებითი საბრძოლო მასალა HIMARS-ის ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებისთვის;
- 155 მმ და 105 მმ ჭურვები;
- 15 საბრძოლო მანქანა Bradley;
- 10 ჯავშანტრანსპორტიორი Stryker-ი;
- ტანკსაწინააღმდეგო სისტემები Javelin-ი;
- ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები TOW;
- ტანკსაწინააღმდეგო სისტემები AT-4;
- მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღის 22 მილიონზე მეტი ვაზნა და ყუმბარები;
- ასაფეთქებელი საბრძოლო მასალა დაბრკოლებების დასაძლევად;
- ტაქტიკური უსაფრთხო კომუნიკაციების უზრუნველყოფის საშუალებები;
- სათადარიგო ნაწილები და სხვა საველე აღჭურვილობა.
რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ უკრაინისთვის ამერიკის დახმარების საერთო მოცულობამ დაახლოებით 40 მილიარდი დოლარი შეადგინა, აღნიშნავს Reuters-ი.
„რუსეთმა დაიწყო ეს არაპროვოცირებული ომი უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთს ნებისმიერ დროს შეუძლია დაასრულოს ეს უკრაინიდან ჯარების გაყვანით და უკრაინის ქალაქებსა და ხალხზე სასტიკი თავდასხმების შეწყვეტით. სანამ რუსეთი ამას გააკეთებს, შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები უკრაინასთან ერთად იქნებიან იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა,“ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში.