აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო სანქციებს აწესებს მედიაჯგუფ „როსია სევოდნიასა“ და მისი შვილობილი კომპანიების – „რია ნოვოსტის“, RT-ს, Ruptly-სა და Sputnik-ის წინააღმდეგ. ამის შესახებ ნათქვამია უწყების ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ რუსული მედიასტრუქტურები ცდილობენ, გავლენა მოახდინონ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე და შეარყიონ ამომრჩევლების ნდობა შეერთებული შტატების საარჩევნო პროცესების მიმართ.
გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია რუსეთის მცდელობებზე, თავისი საინფორმაციო რესურსების დახმარებით გავლენა მოახდინოს მოლდოვაში არსებულ ვითარებაზე, მოახდინოს სიტუაციის დესტაბილიზაცია უკრაინაში და მთელს მსოფლიოში.
შეზღუდვები ასევე ეხებათ RT-ის მთავარ რედაქტორს, მარგარიტა სიმონიანს, მის მოადგილეებს – ელიზავეტა ბროდსკაიას, ანდრეი კიაშკოს და ანტონ ანისიმოვს, RT-ის ციფრული პროექტების მენეჯერ კონსტანტინ კალაშნიკოვს და მედიაპროექტების დეპარტამენტის თანამშრომელს ელენა აფანასიევას.
თავის მხრივ, აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ კალაშნიკოვსა და აფანასიევას წარედგინათ უცხოური აგენტების შესახებ კანონის დარღვევისა და ფულის გათეთრების ბრალდება. უწყება ირწმუნება, რომ RT-ის თანამშრომლებმა რუსული ინტერესების დასაცავად ვიდეოების გამოქვეყნებაზე თითქმის 10 მილიონი დოლარი დახარჯეს.
სანქციები ასევე შეეხო კრემლის მომხრე ჰაკერულ ჯგუფ RaHDit-ს და მის ხელმძღვანელს, ფსბ-ს ყოფილ ოფიცერ ალექსეი გერაშჩენკოს.
სანქციების შესახებ ცნობის გამოქვეყნების შემდეგ მარგარიტა სიმონიანმა ტელეგრამში დაწერა: „ოჰო, გაიღვიძეს“.
მანამდე, დღეს, CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ თეთრი სახლი აპირებს მოსკოვი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობაში დაადანაშაულოს მის კონტროლქვეშ მყოფი მედიისა და სოციალური ქსელების გამოყენებით.
CNN-ის წყაროებმა განმარტეს, რომ ვაშინგტონის ყურადღება მიმართულია, კერძოდ, ტელეარხ RT-ზე, როგორც „კრემლის პროპაგანდისტული ძალისხმევის ძირითად ელემენტზე“.
რუსეთს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი სახელმწიფო მედიის წინააღმდეგ სანქციებზე. მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს ყველა ბრალდებას უცხო ქვეყნების არჩევნებში ჩარევის შესახებ.