30 ოქტომბერს შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა 400-მდე იურიდიულ და ფიზიკურ პირს ათზე მეტ ქვეყანაში, რომლებიც, ვაშინგტონის თქმით, რუსეთს აწვდიან მოწინავე ტექნოლოგიებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ომში გამოიყენება.
სანქციები და სხვა სახის შეზღუდვები ერთდროულად გამოცხადდა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს, სახელმწიფო დეპარტამენტისა და ვაჭრობის სამინისტროს განცხადებებში.
ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა 274 სუბიექტს, სახელმწიფო დეპარტამენტმა 120-ზე მეტს, ვაჭრობის სამინისტრომ კი სავაჭრო შეზღუდვები დაუწესა 40 კომპანიასა და კვლევით ინსტიტუტს.
მასშტაბური სანქციები ნათელყოფს, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები „გააგრძელებენ მტკიცე ზომების მიღებას მთელს მსოფლიოში, რათა შეაჩერონ იმ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებისა და ტექნოლოგიების მიმოსვლა, რომლებიც რუსეთს სჭირდება უკრაინის წინააღმდეგ თავისი უკანონო და ამორალური ომის საწარმოებლად,“ განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, უოლი ადიემომ.