შეერთებული შტატების სენატში გადაიდო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა, რომელზეც „ქართველი ხალხის აქტი“ უნდა განეხილათ.
ინფორმაცია სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის საიტზეა გამოქვეყნებული.
ამავე სხდომაზე განიხილავენ 25 ამერიკელი დიპლომატის ახალ დიპლომატიურ სამსახურებში განწესების საკითხს.
ამავე წყაროს თანახმად, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, როდის გაიმართება კომიტეტის სხდომა და, შესაბამისად, როდის განიხილავენ სენატორები „ქართველი ხალხის აქტს“.
ეს დოკუმენტი ითვალისწინებს სანქციებს დემოკრატიული პროცესებისთვის პრობლემების შემქმნელი თანამდებობის პირებისთვის და ასევე – სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას.
„ქართველი ხალხის აქტი” ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის ინიციატივითა და ავტორობით შეიქმნა.
„ქართველი ხალხის აქტი“ ორ ძირითად ნაწილს მოიცავს:
- სანქციები დაუწესდეს იმ პირებს, რომლებიც საქართველოს სტაბილურობის, სუვერენიტეტის ან ტერიტორიული მთლიანობის შელახვაზე არიან პასუხისმგებელნი. ასევე – იმ ქართველ ფიზიკურ პირებს, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევასა და კორუფციაზე არიან პასუხისმგებელი;
- ხაზს უსვამს აშშ-ის სენატის ვალდებულებას, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას დაუჭიროს მხარი.
სენატში ამ აქტის წარდგენა მოჰყვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული სტილის „აგენტების კანონის“ მიღებას.
პარლამენტმა 28 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო „აგენტების კანონზე“. ეს კანონი „უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად“ აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან იღებს დაფინანსებას.
კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს დახმარების ნაწილი უკვე შეუწყვიტა ევროკავშირმა, აშშ-მა კი განუსაზღვრელი ვადით გადადო სამხედრო სწავლება. ასევე, დაიწყო საქართველოსთან ურთიერთობების სიღრმისეული გადახედვა.
2024 წლის 25 სექტემბერს თეთრმა სახლმა უკან გაიწვია საქართველოს პრემიერ- მინისტრისადმი გაგზავნილი მოსაწვევი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტის სახელით ორგანიზებულ ყოველწლიურ მიღებაზე, რომელზეც მსოფლიოს ლიდერები არიან დაპატიჟებული.