ნაადრევად დაბადებული 28 ახალშობილი, რომლებიც ღაზის უდიდეს საავადმყოფოში იმყოფებოდნენ, ეგვიპტეში გადაიყვანეს. პალესტინელთა ჯანდაცვის უწყების ცნობით, ისინი გადაუდებელი დახმარების მისაღებად ორშაბათს ალ-შიფას საავადმყოფოდან წაიყვვანეს. მათივე ცნობით, რამდენიმე ახალშობილი, რომელთაც ინკუბატორები სჭირდებოდათ, ისრაელის ჯარის ალყისა და სამხედრო მოქმედებების გამო სერვისების შეფერხების მიზეზით გარდაიცვალა. ჯანდაცვივს უწყება ამბობს, რომ რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა ღაზის სხვა საავადმყოფოშიც, რომელსაც ისრაელის ჯარმა ალყა შემოარტყა.
ალ-შიფას ჰოსპიტალს ისრაელელმა ჯარისკაცებმა გასულ კვირას შეუტიეს. ისრაელი ამბობს, რომ საავადმყოფოს ქვეშ “ჰამასს”, რომელიც ამერიკას, ევროკავშირს და სხვა ქვეყნებს ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავთ გამოცხადებული, გვირაბების ქსელი ჰქონდა განთავსებული. ამ უქმეებზე ჰოსპიტალი ასობით პაციენტმა, სამედიცინო პერსონალმა და იძულებით გადაადგილებულმა პირმა დატოვა. ექიმები ამბობენ, რომ ჰოსპიტლის დატოვება მათ ჯარმა აიძულა, ისრაელი კი ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილება ადგილობრივებმა თავად მიიღეს.
ევაკუირებული ყველა ახალშობილი “სერიოზულ ინფექციებს ებრძვის”, – ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეს-სპიკერი. მას შემდეგ, რაც საავადმყოფოს ექიმებმა განაცხადეს, რომ იქ 39 ნაადრევად დაბადებული ჩვილი საფრთხეში იყო, მათივე თქმით, 8 ახალშობილი დაიღუპა. ამის მიზეზი კი ინფექციის კონტროლის სირთულე, სუფთა წყალსა და მედიკამენტებზე წვდომის ნაკლებობა იყო.
კიდევ ერთ ჰოსპიტალში, რომელსაც ინდონეზია აფინანსებს, ღაზის ჯანდაცვის უწყების ცნობით, სულ მცირე, 12 პალესტინელი მოკლეს, ათობით კი დაიჭრა მას შემდეგ, რაც ისრაელის ჯავშანტექნიკამ ჰოსპიტალს ალყა შემოარტყა. ისრაელს ამ საავადმყოფოსთან დაკავშირეებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ადგილობრივი ინფორმაციით, იქ 700-მდე პაციენტი და საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი იმყოფება.
პალესტინური საინფორმაციო სააგენტო WAFA ამბობს, რომ ქალაქ ბეიტ ლაჰიაში, ღაზის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე საავადმყოფო საარტილერიო თავდასხმის სამიზნეა. ისრაელი კი ამბობს, რომ მისი ძალები ღაზაში “ტერორისტების ინფრასტრუქტურას” უტევენ და რომ “ჰამასი” მოქალაქეების ცოცხალ ფარად გამოყენებას აგრძელებს.