ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციაზე გადაწყვეტილებას მაშინ მიიღებენ, როდესაც ექსპერტიზის საბოლოო დასკვნები ექნებათ. ამის შესახებ მინისტრმა დღეს, 10 აპრილს, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს კონცეფციის პრეზენტაციის შემდგომ განაცხადა მედიასთან.
აზარაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სამედიცინო საზოგადოებასთან და რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან დეტალურად ისაუბრა არსებულ სიტუაციაზე და გამოწვევებზე:
“მე მათ ღიად და მკაფიოდ დავუდასტურე, რომ ჩვენი კომენტარები და შეფასებები არ ითვალისწინებდა მყისიერად ამ შენობის რეაბილიტაციის დაწყებას ან ამ შენობის დემონტაჟს.
ჩვენ სხვადასხვა ექსპერტების მხრიდან ველოდებით საბოლოო დასკვნებს, ხოლო ის ჩვენი შეფასებები და კომენტარები იყო პირველადი შეფასებებიდან გამომდინარე, რომელიც ამ ეტაპზე გვაქვს.
შევთანხმდით კომუნიკაციის ფორმებზე. გარკვეული ინფორმაციის მიღების შემდეგ მათ გავაცნობთ და მათთან ერთად შევჯერდებით იმ გადაწყვეტილებაზე, რაც იქნება – კლინიკის დემონტაჟი, რეაბილიტაცია თუ სართულების ცვლილება.
ხუთი სხვადასხვა ტიპის დასკვნას ველოდებით, ასევე ქვეყნის გარეთ სხვადასხვა ექსპერტის ჩართულობით ვაკეთებთ. მინდა კარგად, შეთანხმებულად დავრწმუნდეთ, რა არის საჭირო და აუცილებელი, რომელი გადაწყვეტილება იქნება სწორი”, – თქვა ჯანდაცვის მინისტრმა.
მისივე განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფო შეინარჩუნებს საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს.
თებერვალში ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ინტერვიუში თქვა, რომ მთავრობა „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ დანგრევას აპირებდა და რომ სახელმწიფო „ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს დასრულებას“ დაახლოებით ორწელ-ნახევარს მოანდომებდა.
მინისტრის განცხადებას მოჰყვა „რესპუბლიკურის“ ექიმების პროტესტი. მანამდე ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ სახელმწიფო რეაბილიტაციის ძველ გეგმას მიჰყვებოდა.